საზოგადოება

ვერ გამოგვასახლებენ – ბალახაძეეების შვიდსულიანი ოჯახი

25 იანვარი, 2024 • 3033
ვერ გამოგვასახლებენ –  ბალახაძეეების შვიდსულიანი ოჯახი

26 იანვარს, დილით,  აღსრულების პოლიციის მისვლას და გამოსახლების პროცედურას ამჯერად თბილისში, ზანდუკელის N2-ში, ბალახაძეების შვიდსულიანი ოჯახი ელოდება.

ოჯახში ცხოვრობენ  გუჯა ბალახაძე, რომელიც კურიერად მუშაობს, მისი 83 წლის დედა, 55 წლის ძმა, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს 30 წელია, ფეხმძიმე ქალიშვილი მეუღლითა და 5 წლის შვილით, გუჯას ვაჟიშვილი.

ბალახაძეების ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესისგან”  20 000 დოლარი აქვს აღებული სესხად. გუჯა ბალახაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ეს თანხა ერთბაშად არ აუღიათ. მიზეზი იყო სხვადასხვა დროს, 2015-2016 წლებში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარდაუვალი საჭიროებები.

ოჯახისთვის სახლი, სადაც გუჯა ბალახაძე გაიზარდა, ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია და, როგორც ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ. მისი თქმით, ოჯახის საცხოვრებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ აუქციონზე გაიტანა და თავად ორგანიზაციამ შეისყიდა 17 000 ლარად, მაშინ, როცა სახლის რეალური ღირებულება დაახლოებით 100 000-ს აშშ დოლარს აღწევს. გუჯა ბალახაძე ჰყვება, რომ ამის უფლება ორგანიზაციას სასამართლომ მიანიჭა, რომელმაც დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ.

“ყოველთვე პატიოსნად ვიხდიდი 20 000 დოლარის 2%-ს, 400 დოლარს. ერთი დარღვევაც არ მქონია. მაგრამ შემდეგ შემექმნა ისეთი პრობლემები, რომ 4 თვე პროცენტის შეტანა ვერ შევძელი. ჯარიმამ ამ ოთხ თვეში, პროცენტის გადახდის გადაცილების გამო, 12 000 დოლარს მიაღწია. ჩემი ვალი 32 000 დოლარი გახდა. რეფინანსირება გამიკეთეს მერე და თავიდან დავიწყე უკვე 32 000 დოლარის პროცენტის შეტანა ყოველთვე. დავდექი ფეხზე ისევ და მივედი “რიკოსთან”, დამისახელეთ სახლის გამოსასყიდი თანხა-მეთქი. არ ვართ დაინტერესებული ერთიანი გადახდით, ნაწილ-ნაწილ შემოიტანეო, ასე მითხრეს.

ვიშოვე თანხის ნაწილი, მივედი, მაგრამ ხან მფლობელი ლაშა ნიკოლაიშვილი არ არისო, ხან რა მიზეზი ჰქონდათ და იგნორირებას მიწევდნენ. სულ ვაკითხავდი. სანამ საქმე აღსრულებას გადაეცემოდა, მანამდეც. მე სხვა გზა არ მქონია და არა მაქვს, ეს ბინა უნდა გამოვისყიდო. ერთიანი თანხითაც მივაკითხე, 40 000 დოლარის გადახდა შემიძლია, ესაა ჩემი მაქსიმუმი-მეთქი. არანაირ შეთანხმებაზე არ წამოვიდნენ”, – გვეუბნება გუჯა ბალახაძე.

ბალახაძეების გამოსახლების საკითხი პირველად პანდემიამდელ პერიოდში დადგა, მაგრამ პანდემიის დასრულებამდე გადაიდო. მეორედ – 2023 წლის 23 მარტს ჩაინიშნა და გადაიდო. მესამედ – 2023 წლის 8 ნოემბერს მიაკითხა აღსრულების პოლიციამ ბალახაძეების ოჯახს. რამდენიმე საათის მანძილზე ოჯახის მხარდასაჭერად შეკრებილ ათობით ადამიანსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის არაერთი დაპირისპირების შემდეგ გამოსახლება კიდევ ერთხელ გადაიდო.

“ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის საქმეზე 8 ნოემბერს აღსრულებამ თავად მიიღო გადადების გადაწყვეტილება რამდენიმე თვით, მორალურ საფუძველზე, ოჯახის წევრთა ავადმყოფობის გამო. წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრა, რა მოხდება. აღსრულების ბიურო ხელს არ უშლის მხარეებს შორის მოლაპარაკებებს, მაგრამ შეთანხმება თუ ვერ მოხდა, გამოსახლება უნდა განხორციელდეს”, – უთხრეს მაშინ ნეტგაზეთს აღსრულების ბიუროში.  ამჟამად უწყებაში ამ ოჯახთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებაზე თავს იკავებენ 26 იანვრამდე.

გუჯა ბალახაძე გვიყვება, რომ 8 ნოემბრის შემდეგ ისევ ჰქონდა “რიკო-ექსპრესთან” მოლაპარაკების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. დირექტორის მოადგილესთან გადაამისამართეს, თუმცა ბალახაძეს და მის წარმომადგენელს პირადად არ შეხვდა.

“დაცვის უფროსი ჩამოუშვეს, უფლებამოსილი პირი ვარ და ყველაფერს გადავცემო. განცხადება დამაწერინეს, სადაც ვთქვი, რომ მზად ვარ დავფარო ჩემი ვალი, ძირიანად და პროცენტიანად, გაითვალისწინონ ჩემი ოჯახის მდგომარეობა და დავასრულოთ ეს დავა. დაგირეკავენო, მაგრამ არც დამირეკეს და არც არაფერი. სახლი “რიკოს” სახელზეა, აღსრულება მის ხელშია და ისე მოქმედებს, როგორც აწყობს და ურჩევნია. გამოსახლება რომ არ შეეძლოს ჩვენი, მოლაპარაკებაზე წამოვიდოდა. 32 000 აშშ დოლარი არის ჩემი ვალი და მზად ვარ მოლაპარაკებისთვის, თუ კიდევ რამეს ითხოვენ. მაგრამ არ მოდიან მოლაპარაკებაზე მიზანმიმართულად და უბრალოდ სახლი უნდათ. ამხელა ოჯახის ქუჩაში დასატოვებლად მზად არიან”, – ამბობს გუჯა ბალახაძე.

გუჯა ბალახაძე გამოსახლების პროცედურამდე წინა დღითაც დარწმუნებულია, რომ მის ოჯახს პოლიციის ძალით და ამ ძალის გადამეტებით 26 იანვარს არ გამოასახლებენ და გარკვეული შეთანხმება მის ოჯახსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ჯერ კიდევ შესაძლებელია.

“ასეთი საპოლიციო ძალით თუ დამიპირისპირდება სახელმწიფო, ძალიან ცუდი რამ მოხდება. მეტი ადამიანი აღუდგება წინ ამ უსამართლო გამოსახლებებს. 2000 ადამიანს ემუქრება გამოსახლება საქართველოში. მარტო მე ხომ არ ვარ? გააჩეროს მთავრობამ გამოსახლებები.

სახელმწიფოს ჩვენ არაფერში ვავალდებულებთ. ჩვენს ვალებს ჩვენ თვითონ მივხედავთ და ეს მევახშეებიც წამოვლენ მოლაპარაკებაზე, როცა ეცოდინებათ, რომ სახლებიდან ვერ გამოგვყრიან. არავის  კისერზე არ დავაწვებით, არც სახელმწიფოს და არც ამ ე.წ. კრედიტორებს. ამას ვთხოვთ სახელმწიფოს ერთადერთს: დაგვეხმაროს, რომ როცა მოუნდება მევახშეს, მაშინ არ მომადგეს კარზე და არ დამტოვოს ღია ცის ქვეშ. რატომ უნდა მიწევდეს ჭიდაობა პოლიციასთან, რატომ უნდა სცემდნენ ჩვენ გამო ახალგაზრდებს და 2000-2000 -ლარიან ჯარიმებს აკისრებდნენ. რატომ უნდა გვამცირებდნენ და შეურაცხგვყოფდნენ? რა ურჩევნია სახელმწიფოს, მილიონერმა ნიკოლაიშვილმა [“რიკო-ექსპრესის” მფლობელი] მიიღოს ჩემი ვალი თუ მორიგი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩეს? გამოვაცხადებთ მაშინ დაუმორჩილებლობას, გადავალთ თვითდაცვის რეჟიმში და მერე ვნახოთ, რა მოხდება”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას გუჯა ბალახაძე.

ნეტგაზეთი უშედეგოდ ცდილობს “რიკო-ექსპრესთან” დაკავშირებას მათი პოზიციის გასაგებად და გასახმიანებლად.


“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა მარიამ ჯანიაშვილმა ნეტგაზეთთან შეაფასა გამოსახლებებთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკა, რომელიც, მისი თქმით, სრულებით უგულებელყოფს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების მდგომარეობასა და ინტერესებს.

“წლების წინ სასამართლოს გვერდის ავლით ხდებოდა გამოსახლება, პოლიციის ძალით. ვითარება შეიცვალა და სასამართლოს რგოლი გაჩნდა. დღეს გამოსახლება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება მხოლოდ, მაგრამ სასამართლო ფაქტობრივად ნოტარიუსის როლშია, მხედველობაში არ იღებს და არ ითვალისწინებს არანაირ გარემოებას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, იმას, რომ შეიძლება უკანასკნელ საცხოვრებელს ართმევდნენ ოჯახებს, სადაც შეიძლება შშმ პირები, არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ. სასამართლოს რაც დღეს შეუძლია, ისაა მხოლოდ, რომ დროებით შეაყოვნოს გამოსახლების პროცესი, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოსახლების გადაწყვეტილებას იღებს”, – უთხრა ნეტგაზეთს მარიამ ჯანიაშვილმა ჯერ კიდევ ნოემბერში, ბალახაძეების გამოსასახლებლად აღსრულების პოლიციის მისვლის შემდეგ.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა გვასწავლის, რომ გარდა სასამართლოს მხრიდან გამოსასახლებელი ოჯახების მოწყვლადობის გათვალისწინებისა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღება გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ, შესაბამის ორგანოებს უნდა დაევალოთ ოჯახის ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფა.

“ერთ მხარეს არის საკუთრების უფლება და მეორე მხარეს არის სათანადო საცხოვრებლის უფლება. ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი ბალანსი უნდა იქნას დაცული. დღეს ჩვენთან მკვეთრი დისბალანსია და ცალსახად მესაკუთრის უფლებებია დაცული”, – ამბობს ჯანიაშვილი.

იურისტი გვეუბნება, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური ნება არ არსებობს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად და სახელმწიფო ორგანოები, იქნება ეს ხელისუფლების საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი შტოები, პრობლემას და თავის როლს მის მოსაგვარებლად ვერც კი ხედავენ.

“კანონმდებლობაში არავითარი დაცვის გარანტია გამოსახლებას დაქვემდებარებული პირებისთვის არ გვაქვს, არც გამოსახლების პრევენციის ნაწილში, არც გამოსახლების პროცესში და არც გამოსახლების შემდგომ. სამივე დონეზე კანონმდებლობაში გაწერილი და გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის, ოჯახების ინტერესები და, მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს შესაბამისი სერვისები, მათ შორის მუნიციპალიტეტის მხრიდან. მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის დაცული ჩვენთან, რომ თუნდაც გამოსახლების პროცესში ღირსება არ აყარონ ადამიანებს”, – ამბობს ჯანიაშვილი.

მისი თქმით, გრძელვადიანი სისტემური ცვლილებების განხორციელებამდე ყველაზე მინიმალური, რაც ახლა სახელმწიფოს შეუძლია, ისაა, რომ მომრიგებლის როლი შეასრულოს გამოსახლებას დაქვემდებარებულ ოჯახებსა და კრედიტორებს შორის.

დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილება გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირსა და კრედიტორს შორის შუამავლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსახლების გადავადებით შემოიფარგლება. საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, კერძოდ კი, მისი 31-ე მუხლი, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას, რომ არაუმეტეს 6 თვის ვადით გადადოს აღსრულების ღონისძიება, თუ აღსრულების ადგილზე განსაკუთრებული ვითარებაა შექმნილი (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა). აღნიშნული მუხლის თანახმად, ბიურო უფლებამოსილია, თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით.


გუჯა ბალახაძის ოჯახის გამოსახლების პროცედურის ჩანიშვნამდე, 23 იანვარს კეკელიძის პირველი ნომრიდან გამოასახლეს მარინა ხატიაშვილის ოჯახი. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

პირდაპირი ეთერის დროს, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს, დააკავეს 20 პირი, მათ შორის, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მოძრაობა “ხმის” აქტივისტები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია. ამ ორ უკანასკნელს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს და 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

24 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილი იყო ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც 2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და აღსრულების პოლიციას ისიც მხარდამჭერებთან ერთად ელოდა. მისი გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა).

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი (ე.წ. მევახშე) 90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს და როგორც მხარეები ადასტურებენ, შეთანხმება შედგა. მარინა ხატიაშვილი ამბობს, 20 000 დოლარის ოდენობის სესხის აღების შემდეგ, მას უკვე გადახდილი აქვს დაახლოებით 80 000 დოლარი. ახლაც მზადაა კერძო გამსესხებელს გადაუხადოს მოთხოვნილი თანხა. ამბობს, რომ მას აქვს 70 000 დოლარი და ერთი თვის ვადაში 20 000 დოლარის მობილიზება უნდა მოახერხოს.

2018 წლიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კერძო გამსესხებლებს, ე.წ. მევახშეებს აღარ აქვთ უფლება, რომ გარანტიის სახით მსესხებლისაგან უძრავი ქონების ანუ ბინის იპოთეკით დატვირთვა მოითხოვონ. თუმცა რა მოჰყვა პრაქტიკაში საკანონმდებლო ცვლილებებს, წაიკითხეთ ვრცლად:

რით ჩაანაცვლეს კერძო გამსესხებლებმა იპოთეკის ხელშეკრულებები აკრძალვის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი