ახალი ამბები

ცესკო: ტყუილია, რომ ემიგრანტების იგნორირებას ვახდენთ

17 იანვარი, 2024 • 1017
ცესკო: ტყუილია, რომ ემიგრანტების იგნორირებას ვახდენთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერ ნათია იოსელიანის განმარტებით, ცესკოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა არის ზოგადი, ხოლო საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და ბიუჯეტი არჩევნების დანიშვნის შემდეგ დამტკიცდება. მისივე თქმით, ამომრჩეველთა ინფორმირების პროცედურები უფრო დეტალურად ამის შემდეგ გაიწერება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა 2024 წლის სამოქმედო გეგმა. პარტიებმა „დროა“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ გააკრიტიკეს ცესკო, რომ 2024 წლის სამოქმედო გეგმა არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხს არ ითვალისწინებს და მათ „სრულ იგნორირებას ახდენს“.

„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვინმეს იგნორირებას ვახდენთ, არის ტყუილი. ეს არის წლის ზოგადი სამოქმედო გეგმა. თუმცა მას შემდეგ, რაც არჩევნები გამოცხადდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და საარჩევნო ბიუჯეტი. იქ კიდევ უფრო მეტად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიწერება ის პროცედურები, რომელიც ამომრჩეველთა ინფორმირებას ეხება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნათია იოსელიანმა.

მისი თქმით, ცესკოსთვის მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირება. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა უნდა დარეგისტრირდნენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა (გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირებისა) სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს.

„ყოველ არჩევნებზე მაქსიმალურ საინფორმაციო საშუალებებს ვიყენებთ, ასევე, თავმჯდომარე ლაივ ჩართვებში ყოველთვის მიმართავდა ემიგრანტებს და აცნობდა მათ წესებს და ვადებს, რომლის ფარგლებშიც უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ეს გაგრძელდება და უფრო მეტად ინტენსიური იქნება წელსაც. მას შემდეგ, რაც არჩევნები დაინიშნება და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ მოგვაწვდის მონაცემებს, სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის ჩვენ შევქმნით საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ და ყველა ამომრჩეველს, რომელიც იქნება საზღვარგარეთ რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება“, — აცხადებს ცესკო.

საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.

„დროა“ და გირჩი (მთ): ცესკო ემიგრანტების იგნორირებას ახდენს

მასალების გადაბეჭდვის წესი