ახალი ამბები

„დროა“ და გირჩი (მთ): ცესკო ემიგრანტების იგნორირებას ახდენს

17 იანვარი, 2024 • 640
„დროა“ და გირჩი (მთ):  ცესკო ემიგრანტების იგნორირებას ახდენს

პარტიების „დროას“ და „გირჩი — მეტი თავისუფლების“ განცხადებით, ცესკოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხს არ ითვალისწინებს.

პარტიების შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ემიგრანტების „სრულ იგნორირებას ახდენს“.

„საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმაში არათუ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე არ წერია რამე, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ერთხელ არის ნახსენები, ისიც ინფორმაციის გავრცელების ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ცესკოს და „ოცნების“ მიზანს, არჩევნების მიღმა დატოვოს მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქე. სამოქმედო გეგმაში ცალკე ამოცანად არის გამოტანილი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, თუმცა არაფერია ნათქვამი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე“, — ნათქვამია პარტიების განცხადებაში.

„დროა“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ აცხადებენ, რომ ცესკომ ემიგრანტების თემა ბიუჯეტშიც არ გაითვალისწინა, მაშინ როცა არ გამორჩენია საინფორმაციო-სასწავლო ინტერნეტ თამაშის მოდიფიცირება და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება.

„მოგეხსენებათ, 50 ამომრჩევლის მოთხოვნით ცესკო ვალდებულია, გახსნას საარჩევნო უბანი. [უცხოეთის] მთელი რიგი ქალაქებიდან ცესკოში უკვე შესულია შესაბამისი მოთხოვნა, რომლის გათვალისწინება კანონის თანახმად ცესკოს ვალდებულებაა“, — აცხადებენ „გირჩი“ და „დროა“ და ცესკოს მოუწოდებენ, უზრუნველყონ მილიონზე მეტი ქართველის არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება.

„ამომრჩევლის 1/3-ის არჩევნებში მონაწილეობის გარეშე 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა 2024 წლის სამოქმედო გეგმა . საზოგადოების ინფორმირება და განათლება, სამართალწარმოების პროცესის განვითარება, მართვის ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარება, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაცია საკანონმდებლო (ტექნოლოგიურ) სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში — ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესასრულებლად კონკრეტული აქტივობები არის გაწერილი სამოქმედო გეგმაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი