ახალი ამბები

ალტ-ინფოს პარტია ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა

4 აპრილი, 2024 •
ალტ-ინფოს პარტია ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა

ანტიდასავლური ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა. ეს ნიშნავს, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

„პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. კონსერვატიულ მოძრობა/ალტ-ინფოს ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა. ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი“ — აცხადებენ ცესკოში.

უწყება აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საარჩევნო სუბიექტებად. ყველა საჭირო პროცედურის ამოწურვის შემდეგ ცესკო გამოაქვეყნებს იმ პარტიების სრულ სიასა და მონაცემებს, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირდებიან.

„ალტ-ინფო“ არის არაერთი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო მედიის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა. დაშავებულთა შორის იყო ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

„ალტ-ინფოს“ ლიდერები გამოირჩევიან ღიად პრორუსული, განცხადებებით, რუსეთის სახელმწიფო უწყებებთან და კრემლის პროპაგანდისტებთან თანამშრომლობით. მათ მიერ მართული გვერდები თუ ჯგუფები Facebook-მა არაერთხელ წაშალა დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე, პროპაგანდისტული ნარატივების კოორდინირებულად, მათ შორის, ყალბი გვერდების მეშვეობით გავრცელების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი