ახალი ამბები

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ცესკოს წევრთა შესარჩევ კომისიაში მუშაობა შეაჩერა

11 აპრილი, 2024 •
პრეზიდენტის წარმომადგენელმა ცესკოს წევრთა შესარჩევ კომისიაში მუშაობა შეაჩერა

დღეს, 11 აპრილს,  „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაიწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება. პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამ.

ლევან შენგელიას თქმით, შესარჩევი კომისიის ორმა წევრმა, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, თქვა, რომ მიუღებელია სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტებელი რუსული კანონის ხელახლა შემობრუნება და ამ ფონზე კომისიაში მათი მუშაობის გაგრძელება, სულ მცირე, 15 აპრილამდე. სწორედ 15 აპრილს არის რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დაგეგმილი და ამ დღეს უნდა გამოჩნდეს,  აგრძელებს თუ არა „ოცნება“ მისი მიღების პროცესს.

„რადგან ასეთი ელფერი მიიღო კომისიამ და ჩემი მონაწილეობა ნიშნავს წინასწარ თანხმობას, რომ პოლიტიკური მონაწილეობა იყოს პროცესებში, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ამ შემთხვევაში მე, როგორც კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე ვაჩერებ ჩემს მონაწილეობას კომისიაში და მინდა, ეს აღქმული იქნას სოლიდარობად იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სექტორს წარმოადგენენ“, — განუცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ ჟურნალისტებს.

საპარლამენტო კომისიამ დღეს, 11 აპრილს დაიწყო ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება. ცესკოს თავმჯდომარეობა მხოლოდ ერთ ადამიანს სურს — ის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია. გარდა ამისა, ცესკოში სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლუხუმ ბურჯალიანი, მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი