ახალი ამბები

მიტროპოლიტი შიო რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრებას მხარს უჭერს

14 იანვარი, 2024 • 1156
მიტროპოლიტი შიო რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრებას მხარს უჭერს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, კანონმდებლობა გასამკაცრებელია, რათა ვერავინ გაბედოს რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა.

ამის შესახებ მან დღეს, 14 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში.

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება “, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრება „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დააანონსა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ არ დაუშვან რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივება.


7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე იოსებ სტალინია გამოსახული. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.

როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის  გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.

9 იანვარს ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა. 

10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.

11 იანვარს, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ, ამის მიზეზი კი, წმინდა მატრონასთან სტალინის შეხვედრის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებებია.

ამავე თემაზე: 

მასალების გადაბეჭდვის წესი