ახალი ამბები

ფარისევლური ბოდიში არაფერს ნიშნავს, ბერაია დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან — დეკანოიძე

1 ნოემბერი, 2023 • 871
ფარისევლური ბოდიში არაფერს ნიშნავს, ბერაია დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან — დეკანოიძე

დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისგან, ირაკლი ბერაიასგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ,  რომელმაც გუშინ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა.

დღევანდელი სხდომის გახსნისას, როდესაც პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო, სიტყვა ითხოვა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, დღევანდელი დღე ჩვეულებრივად ვერ დაიწყებოდა ისე, თითქოს გუშინ არაფერი არ მომხდარა.

„ის რაღაც ფარისევლური ბოდიში, რომელიც თითქოს მოიხადა აქ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, [არ შემილია] იყოს მიღებული. მე მოვითხოვ და ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან.

ის, რაც გუშინ აქ მოხდა, არ შეგიფასებიათ, ბატონო შალვა, და გთხოვთ, რომ შეაფასოთ. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც თითქოს გაისმა გარეთ ტრიბუნასთან, არ ნიშნავს რამეს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა…“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლის დასასრულებლად დრო აღარ გაუგრძელა.

ხატია დეკანოიძეს, რომელიც ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრობდა, სიტყვით გამოსვლის ბოლომდე დასრულების საშუალება არ მიეცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მას დრო არ დაუმატა. გუშინ კი, როცა „ქართული ოცნების“ წევრები, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, შალვა პაპუაშვილმა მათ არცერთ შემთხვევაში არ მიუთითა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. უფრო მეტიც, მათ რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაუმატა სასაუბროდ.


31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი