პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, დეპუტატის ხელფასის 1080 ლარით ზრდა ბიუჯეტს 1-1.3 მლნ ლარი დაუჯდება, ასაკობრივი პენსიის 1 ლარით ზრდა კი — 11 მლნ ლარი.
პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში დეპუტატის ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის და რომც იყოს, ის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს მილიონზე ცოტა მეტით დაახლოებით 1.3 მლნ-ით გაზრდის, მაშინ როცა, პენსიის 10 ლარით ზრდას 111 მლნ სჭირდება და 1 ლარით ზრდას — 11 მლნ ლარი. მისი თქმით, ამ გარემოების გათვალისწინებით დეპუტატის ხელფასის მატება და პენსიონერის პენსიის ზრდა ერთმანეთთან კავშირში ვერ იქნება.
ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსია 20 ლარით 370-დან 390 ლარამდე იზრდებოდა, თუმცა 12 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეცვლილი გადაწყვეტილების თანახმად, 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით, 415 ლარამდე მოიმატებს. 70 და უფროსი ასაკის პირებს ცვლილება არ შეხებიათ. მათი პენსია 60 ლარით 495-დან 555 ლარამდე გაიზრდება.
საქართველოში, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით ასაკობრივ პენსიას 905 ათასი ადამიანი იღებდა, საიდანაც 420 ათასი 70 წლამდე ასაკი იყო, 485 ათასი კი 70 წლისა და უფროს ასაკის.
2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით საპენსიო უზრუნველყოფაზე 5.6 მლრდ ლარამდე (5.570 მლრდ ლარი) იყო გამოყოფილი. დაანონსებული ცვლილება მას 128 მლნ-ით ₾5.7 მლრდ-მდე გაზრდის.
კანონის თანახმად, რიგითი დეპუტატის დასაბეგრი ხელფასი 1080 ლარით, 12 800-დან 13 880 ლარამდე უნდა გაიზარდოს. “ქართულ ოცნებას” შეუძლია ეს არ გააკეთოს.
