15 ნოემბერს თბილისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის წესდება დაამტკიცეს.
,,მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” პოლიტიკურ პარტიად ფუძნდება. ახალი პოლიტიკური ძალა ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, სოციალური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისა და გარემოს დაცვისთვის მებრძოლ ადამიანებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს, რომელთა მთავარი მიზანია, ააშენონ პოლიტიკურად და ეკონომიკურად სამართლიანი სახელმწიფო. პარტია ეფუძნება ძლიერ შიდა დემოკრატიას და პოლიტიკის სრულიად ახლებურ ხედვას, რომლის მიზანია პოლიტიკაზე გავლენა დაუბრუნოს ხალხს, პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად კი ჩვენი საზოგადოების ნამდვილი პრობლემები აქციოს.“ აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ახალ პოლიტიკურ ძალაში აცხადებენ, რომ პარტიის შექმნა ეხმიანება ქვეყანაში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისს, სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლას, ევროკავშირისგან ქვეყნის სრულ იზოლაციას, რაც გზას უხსნის ავტორიტარიზმის სწრაფ გაძლიერებას.
პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოციალ-დემოკრატების ხედვა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დემოკრატიულ გარდაქმნას, სამართლიანი მართლმსაჯულების, ადგილობრივი დემოკრატიის, ღირსეული შრომისა და ანაზღაურების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და გარემოს დაცვის ძლიერი სისტემების შექმნას ეფუძნება.
