ახალი ამბები

ზეწოლა არის, როდესაც მე მომმართავენ, გადადექიო — თურნავა

21 სექტემბერი, 2023 • 1643
ზეწოლა არის, როდესაც მე მომმართავენ, გადადექიო — თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს მისდამი გახმიანებულ მოწოდებებს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. თურნავას აზრით, ასევე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება ბანკის საბჭოს წევრთა მიერ პოსტების დატოვება.

თურნავასადმი გადადგომისკენ მოწოდებები მას შემდეგ გაისმა, რაც ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესი შეცვალა. აღნიშნულს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ყოფილი გენ. პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება, შემდეგ კი “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღება არაკონსტიტუციური იქნებოდა.

ამ გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედ ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი. ეს ნაბიჯი ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შენარჩუნებას ნიშნავდა.

ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის დასაცავად მიიღო. მისი ვერსიით, ეს ნაბიჯი უშუალოდ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ იმიტომ გადადგა, რომ მანამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

“რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად — იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. მე ეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე არ მაინტერესებს სახელი და გვარი… ჩვენი მთავარი ამოცანაა არა კონკრეტული პიროვნების დაცვა, არამედ ეს თანაბრად შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს”, — დასძინა მან “იმედის” ეთერში.

ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი 19 სექტემბერს შეცვალა, 20 სექტემბერს კი თანამდებობებიდან წავიდა ბანკის საბჭოს სამი წევრი, ისევე როგორც, ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი. თურნავა ამ პროცესში “ზეწოლის” კვალს ხედავს:

“რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ.ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად, ვიცი: მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება… მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას”.

ნათია თურნავას კრიტიკოსთა შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. რომელმაც 20 სექტემბერს საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თავის დროზე თურნავას კანდიდატურა თავად წარადგინა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ სებ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა გადადგეს, ვინაიდან მან ვერ დაიცვა ბანკის დამოუკიდებლობა.

თურნავა ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს:

“ზეწოლა არის, როდესაც მე მომმართავენ, რომ გადადექი… რის გამო უნდა გადავდგე, საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება რომ მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად დაცულები რომ იქნებიან თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს? ეს არის კლასიკური ზეწოლა”.

ის გამორიცხავს, რომ სანქციების აღსრულების წესის გადაწყვეტილებაზე რაიმე ფორმით ირაკლი კობახიძის განცხადებამ მოახდინა გავლენა.

“რაც შეეხება იმას, რომ ჩემზე ამ გადაწყვეტილების მიღებისას ვინმემ მოახდინა ზეწოლა: ჩემზე ზეწოლის მოხდენა ასეთი მარტივი არ არის. ეს იყო ჩემი დისკრეცია, ჩემი გადაწყვეტილება. მართალია, იურისტების გუნდთან ერთად ვმუშაობდით… ნებისმიერ ადამიანთან, ვისთანაც კონსულტაციები მქონდა, მქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებაც ჩემთვის ძალიან საყურადღებო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ის პროფესიონალი იურისტია. მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მე ჩემით მივიღე”, — დასძენს თურნავა.

რა ხდება

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ეს 19 სექტემბერს მოხდა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნარჩუნდებოდა.

20 სექტემბერს, სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. ამასთან, საქართველოში მოქმედმა არაერთმა მსხვილმა ბანკმა თქვა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან.

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვა, დასძინა რა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

ვნებათაღელვის ფონზე, დღის ბოლოს, იუსტიციის სამინისტრომ თქვა, რომ უწყებაში შემავალმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

უწყება აცხადებს, რომ დასკვნა ხელმოსაწერად გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ აკონკრეტებს, როდის მიიღო ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და რატომ არ შეუწყვიტეს მაშინვე ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.

რას ცვლის ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა?

ბანკები შეძლებენ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავისუფლად აღსრულებას. თუმცა, წესი ძალაში რჩება და თუ საერთაშორისო სანქციები მომავალში საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ, ეროვნულ ბანკს ექნება ბერკეტი, რომ ბანკებს მოსთხოვოს, არ აღასრულონ მათ მიმართ შეზღუდვები.

რის გამო დაასანქცირეს ფარცხალაძე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი