ახალი ამბები

თურნავას წარდგენას ვნანობ, ის უნდა გადადგეს — ზურაბიშვილი

20 სექტემბერი, 2023 • 1199
თურნავას წარდგენას ვნანობ, ის უნდა გადადგეს — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის (სები) მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკის დამოუკიდებლობა ვერ დაიცვა და ის უნდა გადადგეს.

ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილი ხსენებული ინსტიტუციის მიერ სანქციათა აღსრულების წესის შეცვლას, რასაც წინ უძღოდა აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება.

პრეზიდენტის სიტყვებით, სრულიად მიუღებელია ირაკლი კობახიძის 19 სექტემბრის განცხადება, რომლითაც “ქართული ოცნების” ლიდერმა თქვა, რომ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღება არაკონსტიტუციურია. სწორედ ამ განცხადების შემდეგ შეცვალა ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნარჩუნდება.

“მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ეროვნული ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა. ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც არის დაცული კონსტიტუციის 68-ე მუხლით, ამდენად ,მე, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.

სრულიად მიუღებელია ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. მიუღებელი იყო ის ფაქტიც, რომ [ბანკის] პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარად მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას.

ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად”,  — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე სიტყვებით, თურნავას ეს ნაბიჯი იყო “ერთპიროვნული გადაწყვეტილება”, რომელიც არც ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან შეთანხმებულა და არც სხვა თანამშრომლებთან. ზურაბიშვილის განცხადებით, ამას ადასტურებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდენტის მრჩევლის გადადგომა თანამდებობიდან.

“ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე ქვეყნის მიმართ. სწორედ მათ მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა, ეზრუნა ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავისი გავლენა იქონია ასევე საზოგადოების განწყობებზე, როგორც ვხედავთ.

მე მინდა, სწორედ საზოგადოებას მივმართო, რათა ამ უღირს ქცევებს არ მიეცეს პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად, არსებობს გამოსავალი რიგი ნაბიჯების, რაც უნდა იყოს გადადგმული ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად.

პირადად ჩემ მიერ [არის] წარდგენილი ქალბატონი ნათია თურნავა და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ უვადოდ არ გადაედო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები”, — დასძენს საქართველოს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის აზრით, ნათია თურნავა, “რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს”, ეროვნული ბანკის საბჭომ კი — გადაწყვეტილება გააბათილოს.

“დროა, [ბანკის] საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს პირველი რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა”, — დაამატა მან.

რა ხდება

20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ წინ უძღოდა სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში მოქმედმა არაერთმა მსხვილმა ბანკმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძის შესახებ

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი