საზოგადოება

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ ემორჩილებიან საერთაშორისო სანქციებს

20 სექტემბერი, 2023 • 1438
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ ემორჩილებიან საერთაშორისო სანქციებს

„თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს და ამ კუთხით რაიმე გამონაკლისი არ არსებობს.

„ვრჩებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში. ახლა, როგორც გუშინ, ვიცავთ სანქციებს“, — განუცხადეს ნეტგაზეთს „თიბისი ბანკში“.

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთეს „საქართველოს ბანკშიც“:

„ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას“.

ბანკებში არ აკეთებენ კომენტარს საქართველოს ეროვნული ბანკის შეცვლილ რეგულაციაზე.

ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ არ ფლობდა ანგარიშებს.

„თიბისი ბანკში“ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რადგან ბანკი არ გასცემს ინფორმაციას კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი