ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ფარცხალაძის ანგარიშების დაყადაღება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

18 სექტემბერი, 2023 • 1560
კობახიძის თქმით, ფარცხალაძის ანგარიშების დაყადაღება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებს გაუყინავს, ეს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში.

კობახიძის თქმით, ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდოს კომერციული ან სხვა ტიპის საქმიანობა, თუმცა საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული:

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როცა ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზეა საუბარი.

იცით, საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებითაა დაცული კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება შეუზღუდო კომერციული საქმიანობა ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს“ ,— აცხადებს ირაკლი კობახიძე.


საქართველოს ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ბანკებში ანგარიში, რომელიც დაყადაღდა.

დღეს, 18 სექტემბერს BMG-მ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, „შეაჩერებენ თუ არა ქართული ბანკები ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების, გადარიცხვების და ტრანზაქციების მომსახურებას, ისევე როგორც ეს სხვა სანქცირებული პირებისთვის ხდება“, თუმცა ეროვნულ ბანკი პასუხობს:

„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.

ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას/მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“.

„ნეტგაზეთმა“ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, აქვს თუ არა ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ბანკებში ანგარიშები, რომელიც დაყადაღდა. ასევე, შეეზღუდა თუ არა ფინანსური ოპერაციის განხორციელება კონკრეტულად ფარცხალაძეს სანქციების დაწესების შემდეგ. უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი