მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში დღეს, 19 სექტემბერს შევიდა.
მას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.
ყოფილი გენერალური პროკურორისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძემ კი გუშინ, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ფარცხალაძისთვის ანგარიშების გაყივნა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.
ის ამბობდა, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდოს კომერციული ან სხვა ტიპის საქმიანობა, თუმცა საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული.
დღევანდელი ბრძანებით მიღებული ცვლილებებიც სწორედ იმას განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გავრცელდეს სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
უფრო ზუსტად, ბრძანებაში წერია:
“საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული გამონაკლისი:
1. ამ წესით გათვალისწინებულ სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.“
ბრძანების თანახმად, ის გამოქვეყნებისთანავე, ანუ დღეიდან ამოქმედდება.
ცვლილებების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი “სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით მოქმედებს,” თუმცა პირველად ხდება, როცა “ასეთი სანქციები” საქართველოს მოქალაქეს შეეხო:
“როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ – ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.
ამასთან, ამ პროცესში ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში”, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გუშინ სებ-მა არ უპასუხა შეკითხვას, დაუწესდა თუ არა ყოფილ გენერალურ პროკურორს რაიმე სახის შეზღუდვები და გამოაქვეყნა სანქციების შესრულების ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც 4 აგვისტოს ბრძანებით დადგენილი იყო, რომ აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილ ადამიანებს ეზღუდებოდათ ფინანსურ ტრანზაქციების შესრულება და აქტივებზე წვდომა.
“შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას/მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“ ,— აცხადებდა სები, თუმცა არ აკონკრეტებდა, ეზღუდებოდა თუ არა ფარცხალაძეს, როგორც აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირს, ტრანზაქციებზე წვდომა.
აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.
ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.
ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.