ახალი ამბები

საქართველომ თავი მოინიშნა ქვეყნად, რომელიც ცდილობს, სანქციებს თავი აარიდოს— ინტერვიუ

20 სექტემბერი, 2023 • 1229
საქართველომ თავი მოინიშნა ქვეყნად, რომელიც ცდილობს, სანქციებს თავი აარიდოს— ინტერვიუ

აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სანქციათა აღსრულების წესი შეცვალა.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ანგარიშებზე წვდომას უნარჩუნებს ფარცხალაძეს, რომელიც, აშშ-ის ხაზინის თანახმად, რუსეთის უშიშროების სამსახურმა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე მოსკოვის საკეთილდღეოდ გავლენისთვის გამოიყენა.

რა შედეგები შეიძლება მოუტანოს სებ-ის ამ ნაბიჯმა საქართველოს საბანკო სისტემას და ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თვალში? ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” საბანკო სფეროს ანალიტიკოს დავით კლდიაშვილს ესაუბრა.

პირველ რიგში გკითხავთ, როგორ მუშაობს ჩვენი საბანკო სისტემა და როგორ არის ის მიბმული გლობალურ სისტემასთან, თუნდაც, გადარიცხვების ნაწილში?

ქართული საბანკო სისტემა და მისი საქმიანობა არ რეგულირდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით. ის ასევე დამოკიდებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და შეთანხმების წესებზე: მაგალითად, საერთაშორისო წესები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით; ასევე მნიშვნელოვანია, რომ რიგი ბანკები ახორციელებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც მათ სთხოვენ თავიანთი აქციონერები. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფია საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ბანკები, რომლებიც დამატებით ექვემდებარებიან კორპორაციული მართვის წესებს.

ანუ, ცალსახად რაც უნდა იცოდეს მკითხველმა, არის ის, რომ ქართული ბანკებისთვის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესრულება არ არის სავალდებულო, ვინაიდან ისინი ჩართულნი არიან საერთაშორისო ტრანზაქციების ქსელში და მათთვის ამ საერთაშორისო წესების შესრულებაც სავალდებულოა. როგორც წესი, ეს ყველაფერი ასახულია ხოლმე კლიენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. თუ ჩვენ დეტალურად ვნახავთ ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ ხელშეკრულებებს, იქ დიდი ალბათობით, განსაკუთრებით, დიდი ბანკების შემთხვევაში, მითითებულია, რომ მათსა და კლიენტს შორის ურთიერთობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ [ისიც], რომ [ქართულ ბანკებს] მხოლოდ ერთი შუამავალი ბანკი არ აქვთ. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვინდა თანხის გადარიცხვა გერმანიაში. ეს გადარიცხვა ყველა ვარიანტში გაივლის შუამავალ ბანკს, რომელიც, დიდი ალბათობით, იქნება რომელიმე ევროპული ბანკი. მაგრამ, თუკი ჩვენ გვინდა, თანხა გადავრიცხოთ რომელიმე სხვა ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში, მანდ შუამავალი ბანკი არ იქნება ევროპული ბანკი. შესაბამისად, თუ ჩვენ ვახორციელებთ სანქცირებული პირის თანხების გადარიცხვას ევროპაში და იდენტიფიცირებულია, რომ ეს თანხები ეკუთვნის სანქცირებულ პირს, დიდი ალბათობით, შუამავალი ბანკი ამ ტრანზაქციას არ განახორციელებს.

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა აღსრულების წესის შეცვლამ ქვეყნისთვის? მოქალაქეები როგორ იგრძნობენ ამას?

ძალიან რთულია, წინასწარ განჭვრიტო, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ გადაწყვეტილებამ. მოდით, დავყოთ ორ ნაწილად: პირველი არის ზოგადად პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ [ეროვნულმა ბანკმა] გამონაკლისი დაუშვა. ეს თავისთავად არის ძალიან ცუდი სიგნალი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის და საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან საქართველოდან განხორციელებულ ტრანზაქციებს. იმაზე საუბარი, რომ ხვალ ან ზეგ ამის გამო შეიძლება “სვიფტიდან” (SWIFT –  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანება, საიდანაც ჩახსნილია რუსეთისა და ბელარუსის ბანკების ნაწილი ავტ.) ჩაიხსნას საქართველო ან დაუწესდეს სანქციები, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, არის ის, რომ ამის მერე განსაკუთრებით გამკაცრდება კონტროლი ყველა თანხის მოძრაობაზე საქართველოდან და საქართველოში. ისედაც მკაცრი იყო, მაგრამ კიდევ უფრო გამკაცრდება.

ახლა გადავიდეთ მეორე ეტაპზე: ჩვენ ვიცით, რომ რეგულაცია შეიცვალა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვა. არ ვიცით, მიუხედავად ამ რეგულაციისა, [ესა თუ ის] ბანკი მაინც გააგრძელებს თუ არა სანქცირებული პირის ანგარიშების განკარგვას. თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს მოხდა, მერე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა სავარაუდო ნეგატიურ შედეგებზე. ამ ეტაპზე დადასტურებულად რაც ვიცით, არის ის, რომ საერთაშორისო სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ. ეს გამონაკლისი აღსრულდა თუ არ აღსრულდა, ეს, როგორც ფაქტი, ჯერ ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, პირველ ქმედებას მოჰყვება ის, რომ უფრო მეტად არასანდო ქვეყნად ჩაითვლება საქართველო, სადაც გაზრდილია სანქციების გვერდის ავლის რისკები.

ქმედების აღსრულებაში კონკრეტულ ტრანზაქციებს გულისხმობთ?

თეორიულად, რომელიღაც ბანკში ჰქონდა თუ არა სანქცირებულ პირს ანგარიში, იყო თუ არა ეს ანგარიში გაყინული და ამ რეგულაციის [შეცვლის] შემდეგ ამ ანგარიშის განკარგვა მოხდა თუ არა. ეს არის ფაქტი, რომელიც ან უნდა ვიცოდეთ, ან არა. ამ ფაქტის ცოდნა ძალიან რთულია.

თუმცა, ფიქრობთ, რომ “სვიფტიდან” ჩახსნის [საფრთხე] გადაჭარბებულია…

მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს და რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ამის საფუძველზე იმის მოლოდინი, რომ საქართველო “სვიფტიდან” ჩაიხსნას, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია. მინდა, ხაზი გაესვას იმას, რომ ამას ვამბობ იმაზე დაყრდნობით, დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს. შეიძლება, 1 საათში ისეთი რამ მოხდეს, რომ მთლიანად შეტრიალდეს გარემოებები.

“საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი” აცხადებენ, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის ბრძანებისა, ისინი ემორჩილებიან საერთაშორისო სანქციებს. რა ხდება ასეთ შემთხვევაში?

ეს უკვე დაკავშირებულია პირველ კითხვასთან. მიუხედავად ეროვნული ბანკის ამ გამონაკლისისა, ბანკებს თავისუფლად შეუძლიათ დაეყრდნონ მათსა და კლიენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და მიუთითონ, რომ ისინი არ აძლევენ კლიენტს გადარიცხვის განხორციელების საშუალებას, რადგან ის სანქცირებულია საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებში. ამ შემთხვევაში უკვე დავა იქნება კერძო სამართლებრივი ხასიათისა და ამ სანქცირებულ პირს შეუძლია, სასამართლოში იდავოს ზიანის ფაქტზე.

ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა, ეს ავტომატურად არ ავალდებულებს ბანკებს, რომ იმოქმედონ ამ გამონაკლისის მიხედვით. მათ შეუძლიათ, დაეყრდნონ კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებებს, რომელიც გაფორმებულია მათსა და კლიენტს შორის.

ეროვნულ ბანკს აქვს თუ არა იმის ბერკეტი, რომ აიძულოს ქართული ბანკები, გაჰყვნენ სანქციათა რეჟიმის შესრულების შეცვლილ წესს?

ამის პირდაპირი ბერკეტი არ აქვს. პირობითად, ეროვნული ბანკი თუ თვლის, რომ ირღვევა მომხმარებლის უფლება, მას შეუძლია, [კონკრეტულ] ბანკს მიმართოს და ჰკითხოს, რატომ არღვევს ამ უფლებას (არ აძლევს გადარიცხვის საშუალებას). ბანკს საპირისპიროდ შეუძლია, მიუთითოს, რომ ის ეყრდნობა კონკრეტულ საერთაშორისო წესებს ან ხელშეკრულებებს. საბოლოო ჯამში, საქმე გადაინაცვლებს სასამართლოში. ის, რომ პირდაპირ ბანკს შეასრულებინოს დავალება, ამის ბერკეტი ეროვნულ ბანკს არ აქვს.

ფაქტი, რომ ქართული ბანკები — როგორც მინიმუმ, სამი მსხვილი ბანკი — ემორჩილებიან საერთაშორისო სანქციებს, ამსუბუქებს თუ არა საქართველოს მდგომარეობას ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ფონზე?

ცალსახად ამსუბუქებს, ვინაიდან ამით იქმნება სიგნალი, რომ შეიძლება, ფაქტი არ დადგეს და მიუხედავად სანქციის მოხსნისა ლოკალურ დონეზე, შეიძლება, მაინც არ მიეცეს სანქცირებულ პირს ტრანზაქციის განხორციელების საშუალება.

მესმის, რომ წინასწარ ამაზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა ის მოცემულობა, რომლის მოლოდინიც, ამ ეტაპზე, გადაჭარბებულად მიგაჩნიათ — ვგულისხმობ, საქართველოს ჩახსნას “სვიფტიდან” და ა.შ. — რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს?

ეს ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: [სანქციების] დარღვევის სიმძიმეზე, განმეორებადობაზე… დამერწმუნეთ, ვერავინ გეტყვით კონკრეტულად იმ წინაპირობებს, რომლის შემთხვევაშიც აუცილებლად მოხდება ქართული საბანკო სისტემის ჩახსნა “სვიფტიდან”.

მთავარი ამბავი, რომელიც მკითხველმა კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, არ არის ის, რომ ხვალ შეიძლება “სვიფტიდან” ჩაგვხსნან. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველომ თავის თავი მონიშნა, როგორც ქვეყანა, რომელიც ცდილობს, ლოკალურ დონეზე სანქციებს თავი აარიდოს.

საბოლოო ჯამში, უნდა დაველოდოთ, რამდენად მიეცემა სანქცირებულ პირს ტრანზაქციების განხორციელების საშუალება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი