ახალი ამბები

„ვურჩევთ მთავრობებს, ჩვენი სანქციები გამოიყენონ გამოძიებაზე მინიშნებად“ — აშშ-ის ელჩი

14 ნოემბერი, 2023 • 1569
„ვურჩევთ მთავრობებს, ჩვენი სანქციები გამოიყენონ გამოძიებაზე მინიშნებად“ — აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ახალდანიშნული ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, იმის მიხედვით, თუ რა სახისაა ისინი, განსხვავებული მიზნები აქვს. ელჩი აღნიშნავს, რომ ზოგი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, ზოგი კი კორუფციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მათი მიზანი, დანიგანის თქმით, რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერებაა. აშშ-ის ელჩი საქართველოში აღნიშნავს, რომ როდესაც აშშ-ის მიერ სანქცირებული პირები ცალკეული ქვეყნების მოქალაქეები არიან, ეს სასარგებლო ინფორმაციაა მთავრობისთვის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ფარცხალაძის შემთხვევაში კი — FSB-სთან შესაძლო კავშირებზე:

„როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან მოველით არა მხოლოდ მათ დაცვას, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, გამოიძიონ კორუფციის შესაძლო შემთხვევები, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთობები. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ”, – ამბობს ელჩი.

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. აშშ ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძეს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ფარცხალაძის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. თუმცა, ხელისუფლების მაღალჩინოსნები მიანიშნებენ, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, შესაძლოა, გამოძიება შეწყდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი