ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა “ლიბერთი” 75 000 ლარით დააჯარიმა

3 იანვარი, 2024 • 6391
ეროვნულმა ბანკმა “ლიბერთი” 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკი გავრცელებულ განცხადებაში ოთხ მიზეზს ასახელებს, რის გამო “ლიბერთი ბანკი” დააჯარიმა: 

  1. შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 7 შემთხვევა;
  2. ის, რომ “ლიბერთი ბანკმა”, ერთი კლიენტის შემთხვევაში, შესაბამისად არ განსაზღვრა რისკები, რამაც „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნები დაარღვია;
  3. სებ კომერციულ ბანკს ასევე ედავება საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის ხარვეზებით ფუნქციონირებას. ამ პუნქტის საფუძველი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტია და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესი „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის შესახებ“;
  4. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის შესახებ“ მოთხოვნები კომერციული ბანკის მიერ ასევე დაირღვა კიდევ ერთ კლიენტთან მიმართებით.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაცია “ლიბერთი ბანკის” დაჯარიმების შესახებ, 29 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთს ლიბერთი ბანკში განუცხადეს, კომერციული ბანკების გეგმური შემოწმება ჩატარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი თავის დასკვნებს ყველა ბანკზე დებს და მან უკვე ყველაფერი განმარტა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე სხვა კომერციული ბანკებზე დასკვნები და დაკისრებული სანქციები ამ დროისთვის არ იძებნება. კომერციული ბანკი, რომელსაც “ლიბერთი ბანკამდე” დაეკისრა ფულადი ჯარიმა, “კრედო ბანკია” და განცხადება ამის შესახებ აპრილშია გამოქვეყნებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი