ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს ფარცხალაძე რუსეთში — „TI-საქართველოს“ მიმოხილვა

16 სექტემბერი, 2023 •
რა ქონებას ფლობს ფარცხალაძე რუსეთში — „TI-საქართველოს“ მიმოხილვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს მიმოხილვას იმის შესახებ, თუ ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, როგორ მდიდრდებოდა ის, რა გახდა მისი სანქცირების მიზეზი, რა კავშირები აქვს რუსეთსა და საქართველოში და რა სავარაუდო სასჯელები დაეკისრებოდა მას სამართალდამცავებისგან ხელშეუხებლობის იმუნიტეტით რომ არ სარგებლობდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ცნობით, თანამდებობის დატოვების შემდეგ ფარცხალაძის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა — 2013 წელს მისი ოჯახი თუ 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წელს მისი ქონება 24 ერთეულამდე გაიზარდა.

„ოთარ ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

ოთარ ფარცხალაძის რუსული ქონება

ოთარ ფარცხალაძის რუსული მოქალაქეობის შესახებ პირველად ცნობილი გახდა ტელეკომპანია „პირველის” 2023 წლის თებერვლის გამოძიებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, მოქალაქეობის მიღების შემდეგ 2 წლის განმავლობაში ფარცხალაძემ რუსეთში მნიშვნელოვანი ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა, კერძოდ:

  • მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკის რაიონის სოფელ პოზდნიაკოვოში არსებულ ლიპკას მდიდრულ დასახლებაში მდებარე 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 1480 კვ.მ. და მასზე მშენებარე 472.1 კვ.მ ფართობის საზაფხულო სახლი. სამივე უძრავი ქონება ოთარ ფარცხალაძის სახელზე 2021 წლის 5 დეკემბერს დარეგისტრირდა;
  • 2022 წელს მან რუსეთში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა 2021 წელს გამოშვებული 2 ძვირადღირებული ავტომობილი: Toyota Land Cruiser 150 (7 აპრილს) და Toyota Land Cruiser 300 (22 დეკემბერს).

„საერთაშორისო გამჭვრვალობა — საქართველო“ მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა არაერთ საქმეზე უნდა დამდგარიყო:

  • ლევან ყიფიანის გატაცების და მასზე ფიზიკური თავდასხმის საქმეში სულ ცოტა სისხლის სამართლის 2 დანაშაული იკვეთება: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც ითვალისწინებს პატიმრობას ორიდან ოთხ წლამდე და მუხლი 181 – გამოძალვა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე;
  • მთავარ პროკურორად დანიშვნის დროს ყალბი დიპლომის წარდგენის ფაქტი – სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე;
  • მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი – აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს და რომლის მაქსიმალური სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-იდან 7 წლამდე;
  • ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
  • რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეპიზოდი — სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლად ფუნქციონირების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე საქმე სულ ცოტა 319-ე მუხლით უნდა აღიძრას, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

„სახელმწიფოს მიტაცება კორუფციის უმძიმესი ფორმაა, როდესაც კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების ან კონკრეტული სფეროს მიტაცებას და ამით ცალსახად ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია სწორედ ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირება. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში. მართლმსაჯულების სისტემის მიტაცების გარეშე, ამ ოდენობისა და სიმძიმის სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სამართალდამცავთა უმოქმედობა შეუძლებელი იქნებოდა“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე?

2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა ოთარ ფარცხალაძეზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძე არის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და ძალაუფლების მიტაცების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესების ლობირებას ეწევა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით.

2023 წლის 14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

დოკუმენტის თანახმად, სადაც საქართველოსთვის ცალკე თავია მიძღვნილი – „საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის საპასუხოდ”, FSB და მისი ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენაში იყენებენ“. ონიშჩენკო, რომელიც ასევე დასანქცირდა, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. თანამშრომლობის შედეგად, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო. ოთარ ფარცხალაძესთან ერთად დასანქცირდა მისი ორი რუსული საკონსულტაციო კომპანია (შპს „მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯი” და შპს „საერთაშორისო ბიზნესის კორპორაცია”), სადაც ის 50%-იან წილს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი