ახალი ამბები

როგორ იცვლებოდა „ოცნების“ რიტორიკა ფარცხალაძის სანქცირებაზე

19 სექტემბერი, 2023 • 1349
როგორ იცვლებოდა „ოცნების“ რიტორიკა ფარცხალაძის სანქცირებაზე

ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ „ქართული ოცნების“ რიტორიკა რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად მმართველი პარტია ყოფილი მთავარი პროკურორისაგან დისტანცირებას ცდილობდა, თუმცა შემდეგ აშშ-სგან მტკიცებულებები მოითხოვეს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან კი – ყოფილი მთავარი პროკურორის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა.

14 სექტემბერი

აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ ინფორმაცია საქართველოში 14 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ფარცხალაძეს უწოდეს “რუსი-ქართველი ოლიგარქი”.

ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე პირველი კომენტარი მმართველი პარტიიდან იმავე საღამოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

14 სექტმბერს „იმედზე“ სტუმრად მყოფმა პაპუაშვილმა ყოფილ პროკურორთან დისტანცირება სცადა, განაცხადა რა, რომ ოთარ ფარცხალაძე კერძო პირია და ბოლო 10 წელია საქართველოს მთავრობაში არავითარ თანამდებობას აღარ იკავებს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტში მოხვდა და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, რასთან გვაქვს საქმე.

15 სექტემბერი

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან მეორე დღეს, 15 სექტემბერს, დილით, მთავრობის სხდომა გაიმართა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არაფერი უთქვამს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, ფინანსთა მინისტრმაც ყოფილი მთავარი პროკურორისგან დისტანცირება სცადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველა პირის ქმედებაზე პასუხს ვერ გასცემს.

„რაც შეეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებას ნებისმიერი პირის, ვინც არის ან იქნება სანქცირებული, ბუნებრივია, ასეთი ტიპის დაკავშირება არის მხოლოდ სპეკულაცია. მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, რომ თვითონ იმ ქვეყნებში, რომელთაც დაწესებული აქვთ სანქციები, თვითონ მათი ძალიან ბევრი მოქალაქეა სანქცირებული.

მაგალითად: ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის… შესაბამისად, ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ გასცემს პასუხს ყველა იმ პირის ქმედებაზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანქციების აღსრულება საქართველოში ხდება და სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ ხორციელდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

15 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადებები „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმაც გააკეთეს იმაზე ხაზგასმით, რომ ის „კერძო პირია“ და წლებია საქართველოში ოფიციალური თანამდებობა აღარ უკავია. მათ შორის ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე იყო.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეს, ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში. 9 თუ 10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დაკავებულია თავისი კერძო საქმიანობით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე დღეს ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე განცხადება გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ანტიდასავლურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“, რომელშიც აშშ-ის გადაწყვეტილების უკან არსებულ „პოლიტიკურ მოტივებსა“ და შეთქმულებების თეორიებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ აშშ დაადანაშაულეს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებაში.

სანქცირებიდან მეორე დღეს, 15 სექტემბერს საღამოს, ოთარ ფარცხალაძის პირველი კომენტარი „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. ფარცხალაძე საქართველოს ხელისუფლებას ემიჯნება და აცხადებს, რომ 10 წელია სახელმწიფო ინსტიტუტებთან არავითარი კავშირი არ აქვს და მის მიმართ დაწესებული სანქციები “კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია” და “ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა”. დისკრედიტაციის კამპანიაში ის ადანაშაულებს ენმ-ს და მედიასაშუალებებს.

16 სექტემბერი

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან მესამე დღეს შეთქმულების თეორიებზე საუბარი დაიწყეს „ქართულ ოცნებაშიც“. მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოში „რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებულ მუხტად“ შეაფასა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო სანქცია შემოიღეს, მაგრამ არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება, განმარტება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ახლაც ხდება ადამიანის დასანქცირება, რომელსაც 10 წელზე მეტია არ აქვს არანაირი შეხება არც სახელმწიფო სტრუქტურებთან, არც საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან. თვითონ ეს ადამიანიც აკეთებს განმარტებას და მიიჩნევს, რომ ეს მასზე პიროვნული ვენდეტის შედეგია.

აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რადიკალური, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს რამდენიმე მიმართულებით. ერთი მხრივ, ასეთი გადაწყვეტილება იწვევს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების ახალი ტალღის წარმოშობას. ამავდროულად, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პრობლემები შეუქმნას და ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. ჩანს, რომ ეს საქართველოში რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებული მუხტია. ობიექტური ხედვა, რასთან გვაქვს საქმე, ჯერჯერობით არ ჩანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

18 სექტემბერი

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან მეოთხე დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებში იმატა აშშ-ისგან „კონკრეტიკის და მტკიცებულებების” მოთხოვნამ.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მიზეზებთან დაკავშირებით აშშ-მა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს.

კალაძის თქმით, როცა საქართველოს მოქალაქეს სანქციებს უწესებს სტრატეგიული პარტნიორი, საზოგადოება მეტ კონკრეტიკას იმსახურებს.

„პირველ რიგში, ალბათ, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ, არის სანქცირებული და კონკრეტულ ბრალდებაზე იყო საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ [საქმის] შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი[…]

გახსოვთ მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

18 სექტემბერს აშშ-სგან მტკიცებულებების გადმოცემაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც.

სანქცირებიდან მეოთხე დღეს „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე ის ადამიანი არაა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა. ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბრისას თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ არსებობს მაგალითები, როცა სანქცირებული ადამიანები სანქცირებულთა სიიდან ამოიღეს.

თალაკვაძის თქმით, ფარცხალაძის ადვოკატებმა უნდა მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, თუ რას ეფუძნებოდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ დეტალებს. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, იმ ინფორმაციით, რაც 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორში მისი მუშაობის დროს ჩემთვის ცნობილი იყო და საჯარო წყაროებით ცნობილია, ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას გამოუთხრის ძირს. ჩემი მოსაზრება ასეთია, პირველ რიგში, ალბათ, ადვოკატებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია და დადასტურებული ფაქტები, თუ რას ეფუძნებოდა ეს სანქციები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები დაუყადაღა, თუმცა სები ნეტგაზეთთან არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ბანკებში ანგარიში, რომელიც დაყადაღდა.

18 სექტემბერს საღამოს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებს გაუყინავს, ეს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში.

კობახიძის თქმით, ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდოს კომერციული ან სხვა ტიპის საქმიანობა, თუმცა საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული.

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როცა ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზეა საუბარი.

იცით, საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებითაა დაცული კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება შეუზღუდო კომერციული საქმიანობა ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 სექტემბერი

ოთარ ფარცხალაძის უფლებების დაცვაზე საუბარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სანქცირებიდან მეხუთე დღესაც გააგრძელა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის მფარველობა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ფარცხალაძის უფლებების დაცვისას 19 სექტემბერს კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც მოიშველია.

„სახელმძღვანელო პრინციპი ჩვენთვის არის არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც, სადაც პირდაპირ არის მოცემული შეზღუდვის ფარგლები, ჩარჩოები და სტანდარტები. საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ის განცხადება, რაც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან. ამას ვსაუბრობ, როგორც იურისტი, პირველ რიგში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 სექტემბერსვე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე პირველი განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობით გამორჩეულმა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამაც. კობახიძის მსგავსად, ინჯიამაც ფარცხალაძის კონსტიტუციურ უფლებებს გაუსვა ხაზი.

ფრიდონ ინჯიას თქმით, აშშ-მა ფარცხალაძე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაასანქცირა და მისი უფლებები საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიცვას.

„საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, არავის აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ახლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?… მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძის FSB-სთან კავშირების შესახებ ისაუბრა, საქართველოს საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ იწყებენ გამოძიებას ფაქტების გამორკვევის მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი