ახალი ამბები

პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვება ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია — სააკაშვილი

1 სექტემბერი, 2023 • 2843
პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვება ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის “ევროპაში გაშვება-არგაშვების” საკითხი ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 1 სექტემბერს გაავრცელა:

“ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება. თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!”, — განაცხადა მან.


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა. ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრებზე იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი