საზოგადოება

მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა

30 აგვისტო, 2023 • 1995
მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აპირებდა.

უკრაინის გარდა, პრეზიდენტს მთავრობამ უარი უთხრა შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტზე: გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთსა და ჩეხეთში.

გარდა ამისა, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

„გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.


საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა.

მათივე ცნობით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს პრეზიდენტი 31 აგვისტოს ბერლინში ვიზიტით დაიწყებს, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროპული საბჭო 2023 წლის ბოლოს განიხილავს. მანამდე კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეაფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი