საზოგადოება

მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა

31 აგვისტო, 2023 • 1550
მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა

მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა. ბერლინში ჩავსლის კადრები პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

როგორც სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ კადრებში ჩანს, ის გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება.

გუშინ, 30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი