საზოგადოება

„ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

1 სექტემბერი, 2023 • 2196
„ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.

„საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ რეაგირებას ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში იმპიჩმენტის პროცესის დაწყება შეუძლებელია, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას სჭირდება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს.

თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ,“ – აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმითვე, იმპიჩმენტის პროცესი ასევე გააშიშვლებს იმასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და „რადიკალური ოპოზიციას“ საერთო დღის წესრიგი აქვთ – „რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული,“

როგორც კობახიძე ამბობს, იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად განაცხადი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, მისი დასკვნის შემდეგ კი პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა, რასაც 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ ქვეყნებში ვიზიტი უნებართვოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს მთავრობამ მას ჯერ უკრაინაში ვიზიტზე უთხრა უარი, შემდეგ კი ყველა საერთაშორისო ვიზიტი დაუბლოკა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უარი გამართებულია როგორც სამართებრივად, ისე — პოლიტიკურად. მისი თქმით, პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მთავრობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ეს არის ძირითადი მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი