საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ქართული ოცნების“ მორიგი შეტევა ჩემ წინააღმდეგ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია.
როდესაც მმართველ გუნდს საკუთარი პოლიტიკური გათვლები ჩაეფუშება, ის, ჩვეულ სტილში, ისტორიის გადაწერასა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს.
საზოგადოებას შევახსენებ უტყუარ ფაქტებს:
- 2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი წარვუდგინე: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე კანდიდატურა აბსურდული მიზეზებით ჩააგდო და მათი კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა. ამის რეალური მიზეზი ერთი იყო: მმართველ გუნდს სურდა, კანდიდატურები წინასწარ მასთან შემეთანხმებინა. მოგვიანებით კი სურდა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, წარედგინა, რათა ეროვნულ ბანკზე სრული პარტიული კონტროლი დაემყარებინა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დასაცავად ამ მოთხოვნაზე ჩემი პრინციპული უარი მიიღეს.
- 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციური პარალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, „ოცნების“ პოლიტიკური დევნისა და რეპუტაციული შეტევების გამო, მაღალი დონის დამოუკიდებელ პროფესიონალებს აღარ სურდათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენა; მეორე მხრივ, საბჭოს ვაკანტურად დატოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტს დააბრალებდა ინსტიტუტის პარალიზებას.
სწორედ ამიტომ, მანამდე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები, რომლებიც მათი გუნდის სრული ლუსტრაციისთვის იყო წარდგენილი, გამოიყენეს კრიზისის დროს და შეავსეს საბჭო.
იმ „ოცნებამ“, რომელიც წლების განმავლობაში იწუნებდა წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს „არაკომპეტენტურობის“ საბაბით, ეს ორი კანდიდატი 84 ხმით, ყოველგვარი კითხვების, დებატების, კომპეტენციისა თუ წარსულის გადასინჯვის გარეშე, მყისიერად დაამტკიცა.
აქ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ არ გაუჩნდა „ქართულ ოცნებას“ არცერთი შეკითხვა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს იწუნებდა და მათ კანდიდატურებს უარყოფდა?
პასუხი აშკარაა: მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური ილუზია და გათვლა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ, მორჩილ „მოთამაშეს“ ნიშნავდა. დღეს, როდესაც ეს გათვლა მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოტანას ცდილობს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი. საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერანაირი იაფფასიანი პროპაგანდისტული ილეთით ვერ გაექცევიან“, — წერს სალომე ზურაბიშვილი.
9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
