ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია.

დაჯილდოების ცერემონია დღეს, 2 ნოემბერს, გაიმართა.

  • „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი გადაეცა თაკო წულაიას, კრებულისთვის „არაფერი არ გვემართება“
  • „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული გადაეცა მინდია არაბულს კრებულისთვის „საუკუნო უკუნი“
  • „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული გადაეცა დავით ქართველიშვილს კრებულისთვის „ცვილის ფიგურები“
  • „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა გადაეცა გიორგი კაკაბაძეს, წიგნისთვის „მიზეზთა ბუნება“
  • „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი გადაეცა გოგა ქობალიას წიგნისთვის „სიკვდილი პაპანაქება მზეში“
  •  „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო პოეზიისთვის, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნატო ინგოროყვას
  • „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო ორიგინალური ნაწარმოებისთვის გადაეცა მიხელ ჩარკვიანს წიგნისთვის „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“
  • შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა; პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს.

ლიტერატურული პრემია “ლიტერა” 2015 წელს, მწერალთა სახლმა და მაშინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააარსა. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ “ლიტერას” ჟიურიში საკუთარი წარმომადგენელი, იოსებ ჭუმბურიძე დაამატა. მწერალთა ნაწილმა ეს შეაფასეს “ლიტერას” დამოუკიდებლობაში ჩარევისა და ცენზურის მცდელობად და კონკურსიდან საკუთარი ნამუშევრები მოხსნეს. მათ პროტესტს შეუერთდა ჟიურის ყველა წევრი, გარდა თავად იოსებ ჭუმბურიძისა. იმ წელს “ლიტერა” ჩაიშალა.

2022 წელს ჩატარდა “თავისუფალი ლიტერა”.ეს იყო ერთჯერადად შექმნილი კონკურსი, “ლიტერას” ერთგვარი ალტერნატივა, რომელმაც 70-ზე მეტი მწერალი გააერთიანა. 2024 წელს “ლიტერა” ძველი ფორმატით საქართველოს პენცენტრმა აღადგინა.

კულტურის სამინისტრომ “ლიტერას” საპირწონედ პრემია “მუზა” შექმნა. უწყებამ ახლად შექმნილი პრემიისთვის უფრო მეტი ბიუჯეტი გამოყო, ვიდრე “ლიტერას” ჰქონდა, გაზარდა მისი მასშტაბები და ნომინაციებს რაოდენობაც.