ახალი ამბები

სიცრუეა, რომ თბილისის ქუჩებში “გეი აღლუმი” იგეგმება — თბილისი პრაიდის განცხადება

7 ივლისი, 2023 • 1335
სიცრუეა, რომ თბილისის ქუჩებში “გეი აღლუმი” იგეგმება — თბილისი პრაიდის განცხადება

პრაიდის ფესტივალამდე ერთი დღით ადრე, თბილისის პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან დეზინფორმაციას, რომელიც 8 ივლისს დაგეგმილ ფესტივალთან დაკავშირებით ვრცელდება.

განცხადებაში ვკითხულობთ:

“ხვალ პრაიდის ფესტივალი გაიმართება – დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია ვატარებთ.

რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები.

მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს”.


2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. პრაიდის ფესტივალი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა.

თბილისში პრაიდის კვირეული 2019 წლიდან, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობისა და მუქარების ფონზე აღინიშნება.

2021 წლის ივლისში ძალადობრივი ჯგუფები, რომელთაც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩაშლა სურდათ, ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ დაარბიეს აქტივისტთა ოფისებიც.

რისკების ფონზე, 2022 წლის კვირეული, წლევანდელის მსგავსად, დახურული ღონისძიებებით აღინიშნა. შარშან ორგანიზატორებმა ყველა იმ ღონისძიების ჩატარება შეძლეს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ.

როგორ გაჩნდა პრაიდი? – შეტაკებიდან აღნიშვნამდე

ყველაფერი 1969 წლის ივნისში აშშ-ში დაიწყო, სადაც მაშინ ლგბტ ადამიანებს მრავალი უფლება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი ჰქონდათ. იმ დღეს ნიუ-იორკში, ქრისტოფერის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ გეი ბარ “სტოუნვოლში” პოლიცია მორიგი რეიდის ჩატარებას შეეცადა.

ბარი ალკოჰოლის ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, რადგან მაშინ ქალაქის თვითმმართველობა ამ დოკუმენტს არ გასცემდა დაწესებულებებზე, რომლებიც გეი საზოგადოებას ემსახურებოდნენ.

პოლიციამ ბარში მყოფთა დაკავება დაიწყო, შეკრებილთა ნაწილი კი გარეთ გაიყვანეს და ბორკილები დაადეს. History Channel-ის სტატიის თანახმად, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ბორკილებდადებულ ქალს თავში ჩაარტყა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა:  ხალხმა ძალოვნების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო. პროცესი მალე სრულმასშტაბიან შეტაკებად იქცა და პოლიციას თავად მოუწია თავდაცვის ზომების მიღება.

მომდევნო კვირის მანძილზე ბართან ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ლგბტ ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად.

პროცესებმა ნათელი გახადა, რომ ლგბტ აქტივიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყებოდა, როცა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს უფრო ხმამაღლა და ღიად უნდა მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა.

შეტაკებებიდან 1 წლისთავზე, ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში ათასობით ლგბტ ადამიანი და მათი მხარდამჭერი გამოვიდა. დემონსტრაციებმა ტრადიციის სახე მიიღო და მალე გავრცელდა ჯერ აშშ-ის, შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლოს კი ერთი სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა – Pride(ღირსება, სიამაყე).

1999 წლის 11 ივნისს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ივნისი ოფიციალურად გამოაცხადა პრაიდის თვედ.

დღეს პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა, არაერთ ქვეყანაში, ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

მასალების გადაბეჭდვის წესი