ახალი ამბები

კობახიძე სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში „კარტების მეტად გახსნას“ აანონსებს

6 ივლისი, 2023 • 1468
კობახიძე სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში „კარტების მეტად გახსნას“ აანონსებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისევ ვერ მიიღებს, ხელისუფლებას „კარტების მეტად გახსნა“ მოუწევს.

„დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ გამეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად. რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოება ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს. ვიტყვით იმას, რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება, ასევე ავუხსნით უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, რას შეიძლებოდა განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე“, — განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, თუ დეკემბერში სტატუსის ვერმიღების შემთხვევაშიც ევროინტეგრაციის ამოცანა დღის წესრიგში დარჩება:

„დაველოდებით შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს. იმედია, ამასობაში უკრაინაში ომი დასრულდება. როგორც კი ომი უკრაინაში დასრულდება, მაშინვე სხვანაირად შემოგვხედავენ მათ შორის ის ძალები, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებულად გვიყურებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ცუდად ყურებას – კონკრეტული ინტერესია საქართველოს მიმართ, რაც არ არის, მაგალითად, მოლდოვის მიმართ; რაც არ არის სომხეთის მიმართ და ა.შ.“, — განაცხადა კობახიძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ სტატუსის ვერ მიღების ფარული მიზეზების გახმაურებით იმუქრება. 2022 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, „ყველაფერს ფარდას ახდიდა და ხალხს ეტყოდა“.

კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანის“ ამოცანით „ოცნებას“ გამოეყო „ხალხის ძალა“, რომელიც მთავარი რუპორია ხელისუფლების წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება.

„ქართული ოცნების“ კონსპირაციის თანახმად, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა კონსპირაცია, თითქოს საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე.

„ქართულ ოცნება“ ვერ ასახელებს, ვის მოიაზრებს „გლობალური ომის პარტიის“ უკან.

ვინ მოიაზრება გლობალური ომის პარტიაში? — მინისტრის პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი