ახალი ამბები

რუსეთს უკრაინაში უპირატესობა აქვს ამ ეტაპზეც და საერთო ჯამშიც — კობახიძე

9 თებერვალი, 2023 • 2005
რუსეთს უკრაინაში უპირატესობა აქვს ამ ეტაპზეც და საერთო ჯამშიც — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისი თქმით, “ბოლო 1-2 კვირაში” უკრაინას არცერთი, რუსეთს კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აქვს აღებული. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 9 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს 8 თებერვალს, ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც კობახიძე ამბობდა, რომ უკრაინაში რუსეთის უპირატესობის ფონზე საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი გაზრდილია. აღნიშნულ განცხადება კობახიძემ დღეს განმარტა:

“ეს [რომ რუსეთს უპირატესობა აქვს უკრაინაში] ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს… დღეს ვის აქვს უპირატესობა, ეს არის მნიშვნელოვანი.

საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ასევე, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. ანუ, საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა”, — განაცხადა კობახიძემ.

მისი მტკიცებით, სწორედ აღნიშნულის ფონზე იზრდება “ზოგიერთი ძალის ინტერესი”, რომ საქართველო ჩაერთოს “სამხედრო კონფლიქტში”. კობახიძის თქმით, ამ ინტერესის უკან დგას “გლობალური ომის პარტია”, თუმცა არ სურს დასახელება, ვის გულისხმობს, რათა “არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს”.

“არსებობს მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული ინტერესი იმისთვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა. და ეს [საქართველოში ომის დაწყება] ამას გამოიწვევს, ბუნებრივია.

ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს 100-მდე ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავი  და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რესურსი, რომ ჩვენ რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე”, – თქვა კობახიძემ.

საქართველოში “მეორე ფრონტის” საფრთხის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დაიწყეს საუბარი. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა. მაგალითად, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ რუსეთს “რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა” საქართველოს “თავდაყირა დაყენებისთვის”:

“მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით – თვეობით ჯარებისა და კონტინგენტის მოყვანა აქ. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანად საქართველო დააყენონ თავდაყირა“, – ამბობდა მაშინ ზალკალიანი.

თავად კობახიძემ კი გასული წლის ივლისში აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნით “ათეულობით ათას ჯარისკაცს მოაცდენდა”.

“საქართველოს ჰყავს ჯარი. საქართველოში რომ დაიწყოს ომი, რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში”, – აცხადებდა კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი