ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით „ქართული ოცნების“ ხელწერას აჩვენებს.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორია პატიმრის წარსული და რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან განუხრელად უნდა იყოს დაცული.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს, ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში.

თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია დაახლოებით 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელასღსრულების სისტემაში და ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერით მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 10 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულეს, რომლითა დადგინდა, რომ მის მიმართ სექსუალური ძალადობა არ მომხდარა.

პატიმარ გიორგი დავითაძის მშობლები აცხადებენ, რომ 10 თვის შემდეგ პროკურატურის მიერ მათი შვილის საქმეზე გამოძიების დასრულება ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა. ვინაიდან, 7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რაც მალე დაიხურებოდა გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება, მით უკეთესი.


პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.