შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია, რა საფუძვლით მოხდა რუსეთში ზოგიერთი კომპანიის პროდუქციის იმპორტის აკრძალვა. მედიის ცნობით, რუსეთში „ნაბეღლავის“, საქართველოში წარმოებული კოკა -კოლის და რამდენიმე ქართული ალკოჰოლური სასმლის იმპორტი აიკრძალა. 

პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაერკვევა საკითხში. მან იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება:

„როგორც ვიცით, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის [აკრძალვა] და არა ზოგადად ღვინოს თუ სასმლის მიმართ, რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით არის, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მიღებული.

გასაკვირია, საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ. იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში.

ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“.

რაც შეეხება კითხვას, როგორ გაერკვევიან საკითხში, პაპუაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა,  ამ მხრივ „გაერკვეს მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან“.

მოგვიანებით ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძეს, რომლის თქმითაც, „ერკვევიან საკითხში“ და იმედი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება.


RBC წერს, რომ „როსპოტრებნადზორმა“ (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) რეალიზაციისთვის აკრძალულ სასმელებში დაადგინა „შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ასევე უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით“.

მედიის ცნობით, აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქციას:

  • „თელიანი ველის“ მიერ წარმოებული ღვინო;
  • „თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ღვინო;
  • „ძმები ასკანელების“ მიერ წარმოებული ღვინო და კონიაკი;
  • „ვაინმენის“ მიერ წარმოებული ღვინო;
  • „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდი;
  • საქართველოდან იმპორტირებული სასმელი კოკა-კოლა;
  • მწარმოებელ „წყალი მარგებლის“ მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.