ახალი ამბები

“ბიაზი გასკდა” — კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

27 ივნისი, 2023 •
“ბიაზი გასკდა” — კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციასა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. აქციას ესწრებიან როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური კინოს წარმომადგენლები, რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და კინოცენტრის თანამშრომლები.

აქციაზე ორი ძირითადი მოთხოვნა ჟღერდება:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

აქციის მონაწილეები კვლავ ელიან პასუხს წერილზე, რომლითაც 22 ივნისს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს, რომ შეხვედროდა პროტესტის მონაწილეებს:

“მესამე კვირაა, კინოს სფეროს წარმომადგენლები ჩვენი სამართლიანი მოთხოვნებით პროტესტს არ ვწყვეტთ. თუმცა კინოცენტრისა და სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა: თეა წულუკიანის მიერ კინოცენტრის ახლად დანიშნულმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არც ჩვენს ოფიციალურ წერილს უპასუხა და კარიც არ გაგვიღო.

შემდგომ ჩვენი მოთხოვნების ადრესატად შეურაცხმყოფელი განცხადებით თავი მოინიშნა კულტურის სამინისტრომ. ამიტომ 22 ივნისს თეა წულუკიანსაც მივმართეთ ოფიციალური წერილით – შეგვხვდეს და ჩვენს მოთხოვნებზე დაგველაპარაკოს. პასუხად მივიღეთ კულუარულად დაგეგმილი შეხვედრა იმ კინემატოგრაფისტებთან, რომელთაგან სულ რამდენიმე უცხადებდა საჯარო მხარდაჭერას ჩვენს მოთხოვნებს. სამინისტრო ჩვენს ოფიციალურ წერილზე ამ დრომდე დუმს”, – ნათქვამია პროტესტის ჯგუფის განცხადებაში.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკა წოწორიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას კვლავ არ ჩანიშნავს, აქციის მონაწილეები დაიწყებენ უფრო მეტად მობილიზებას “გაფართოებული პროტესტისთვის”:

“თუ მინისტრი არ გამოიყენებს ვალდებულებას, რომ შეგხვდეს და დაგველაპარაკოს, როგორც ჩვენი მინისტრი, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. უკვე დავიწყებთ ალბათ ფიქრს, დავიწყებთ მობილიზაციას უფრო სხვა, გაფართოებული პროტესტისთვის, დავიწყებთ მუშაობას ჩვენს თანამოაზრეებთან.

ძალიან კარგად ვიცით, რომ კინოსექტორი არ არის იზოლირებული და მარტო კულტურის მინისტრის წინაშე. მოგვიწევს, რომ გავაფართოოთ არეალი ჩვენი საპროტესტო ქმედებების”, — უთხრა ნეტგაზეთს კინოდოკუმენტალისტმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ეკა წოწორიამ.


რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა. კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფების პროტესტის დაწყებიდან თითქმის 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა განცხადებით და მას “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” უწოდა. მსგავსი გამოხმაურება ჰქონდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც. მან კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კინემატოგრაფების პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა.

22 ივნისს პროტესტის მონაწილე კინემატოგრაფისტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს წერილით და მასთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მინისტრმა საპასუხოდ 23 ივნისს შეხვედრა ჩანიშნა კინოინდუსტრიის იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც პროტესტი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე მანამდე საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. შეხვედრის პარალელურად კინოცენტრის თანამშრომლები და მრავალდღიანი პროტესტის მონაწილეების აქცია მიმდინარეობდა კულტურის სამინისტროსთან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი