ახალი ამბები

ბორტგამცილებელთა ცეკვა ძველია, კიევის რეისზეა გადაღებული და არა — მოსკოვის

19 მაისი, 2023 • 3648
ბორტგამცილებელთა ცეკვა ძველია, კიევის რეისზეა გადაღებული და არა — მოსკოვის

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თითქოს ასახავს დღეს, 19 მაისს, „აზიმუტის“ მოსკოვი-თბილისის რეისზე მგზავრებისთვის შესრულებულ ქართულ ცეკვას.

სინამდვილეში, ეს ვიდეო ძველია – თარიღდება 2021 წლის 27 მარტით და გადაღებულია არა რუსული კომპანიის, არამედ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ბორტზე.

უკრაინული მედიის ცნობით, მაშინ ბორტგამცილებლებმა ქართული ცეკვა მგზავრებისთვის, კერძოდ კი „სუხიშვილის“ მოცეკვავეების პატივისცემის ნიშნად შეასრულეს.

დღეს თითქმის ოთხი წლის შემდეგ, პირველად შესრულდა მოსკოვი-თბილისის რეისი. მოქალაქეები მას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ. რეისის დროს მგზავრებს ამის აღსანშნად შამპანური დაალევინეს.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და „რედ ვინგზმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი