საზოგადოება

ქუთაისი-მოსკოვის რეისებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი შეასრულებს

19 მაისი, 2023 • 1250
ქუთაისი-მოსკოვის რეისებს რუსული ავიაკომპანია  Red Wings-ი შეასრულებს

საქართველოში ფრენის უფლება კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იფრენს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე დაიწყებს ფრენას.

„ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი