ახალი ამბები

დეგნანი: „შესაძლოა, დაშოშმინების პოლიტიკის სანაცვლოდ აღადგინეს პირდაპირი ფრენები”

18 მაისი, 2023 • 946
დეგნანი: „შესაძლოა, დაშოშმინების პოლიტიკის სანაცვლოდ აღადგინეს პირდაპირი ფრენები”

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ კრემლმა, შესაძლოა, საქართველოს მხრიდან არჩეული “დაშოშმინების პოლიტიკის” სანაცვლოდ გააუქმა სავიზო რეჟიმი.

დაშოშმინების პოლიტიკა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტური გერმანიის მიმართ არჩეული მიდგომაა, რომლის მოკლე აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, შეიძლება აგრესიულ სახელმწიფოსა თუ ლიდერს უარი ათქმევინო ამბიციებზე.

„რონდელის ფონდის“ მიერ გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე დიპლომატმა ისაუბრა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციასა და მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებზე საქართველოსთან მიმართებაში.

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს უტევენ აგრესიული კამპანიით, რომლის მიზანიცაა ხალხი შეშინებული ამყოფონ – რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, თუკი საქართველო ევროპულ გზას გაჰყვება.

შესაძლოა, სწორედ დაშოშმინების პოლიტიკის სანაცვლოდ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ვხედავთ კრემლისგან წამოსულ „შარმის“ შეტევას – საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების დაწყებას, საქართველოს გატყუებას პარტნიორებისგან“, – თქვა დეგნანმა.

ელჩი ასევე კითხულობს, რატომ და რა ფასად მიდის რუსეთი დათმობებზე. იგი საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„საქართველო ფრთხილად უნდა იყოს – რუსეთი, როგორც ჩანს, ცდილობს ურთიერთობის ნორმალიზებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კთხვაა, რატომ ახლა, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს. რაა ფასი, რომლის გადახდაც მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, უვიზო რეჟიმის ან თქვენი [ჟურნალისტების] ნახსენენები სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენისთვის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია კითხვებია. ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა სამაგიეროს გარეშე“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი.

 

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი