ახალი ამბები

დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებდა – კობახიძე

14 სექტემბერი, 2023 • 1676
დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებდა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კელი დეგნანი საქართველოდან წავიდა, აშშ-ის საელჩომ ობიექტური განცხადებების გავრცელება დაიწყო.

საუბარია გუშინ, 13 სექტემბერს, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც საელჩო გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და უარყო, რომ აშშ-მა საქართველოს ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა შესთავაზა.

„თქვენ გახსოვთ, როგორ აზიანებდა კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ნახეთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩი კელი დეგნანი არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებებისა და  კრიტიკის ობიექტი. თავად ელჩმა თავის ბოლო ინტერვიუში „რადიო თავისუფლებასთან“  მმართველი გუნდის მხრიდან მის მიმართ კრიტიკაზეც ისაუბრა. ელჩის თქმით, „პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე“.


კითხვები იმის შესახებ, რომ თითქოს 2 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული ბაზის გახსნაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს „მთავარმა არხმა“ 13 სექტემბერს დაუსვა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, ასევე თქვა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნა უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. „სრული სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი