ახალი ამბები

2022 წელს რუსულმა კომპანიებმა 2 ათასზე მეტი ფრენა ვადაგასული ნაწილებით შეასრულეს – „როსტრანსნადზორი“

17 მაისი, 2023 • 821
2022 წელს რუსულმა კომპანიებმა 2 ათასზე მეტი ფრენა ვადაგასული ნაწილებით შეასრულეს – „როსტრანსნადზორი“

2022 წელს რუსულმა ავიაკომპანიებმა ორი ათასზე მეტი რეისი შეასრულეს ვადაგასული ნაწილებით, განაცხადა „როსტრანსნადზორის“ [რუსეთის სატრანსპორტო ზედამხედველობა] ხელმძღვანელმა ვიქტორ ბასარგინმა დუმის სხდომაზე. მისი საუბრის ჩანაწერს „კომერსანტი“ ავრცელებს.

როგორც ბასარგინი ამბობს, უწყებამ ასობით კომპანიაში ჩაატარა დაუგეგმავი შემოწმება:

„ზოგი სპეციფიური დეტალის შემოტანა, უბრალოდ, შეუძლებელია… შედეგად, ფიქსირდება საავიაციო ტექნიკის დარღვევით ექსპლუატაციის მრავალი ფაქტი, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ფრენების უსაფრთხოებაზე. მაგალითად, ამოწურული რესურსის მქონე კომპონენტების ექსპლუატაციის დაშვება. მთლიანობაში დაფიქსირებულია ორ ათასზე მეტი ფრენა [უსაფრთხოების წესების დარღვევით]“, – უთხრა ჩინოვნიკმა დეპუტატებს.

მსხვილ ავიაკომპანიებში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ ვადაგასულ ნაწილებს არ იყენებენ.

რუსული მედია აქამდეც წერდა, რომ ავიაკომპანიები ცდილობენ, ნაკლებად დააფიქსირონ ტექნიკური პრობლემები, ვინაიდან სანქციების გამო არ აქვთ ახალი დეტალების შეძენის საშუალება.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი