ახალი ამბები

„აეროფლოტი“ თანამშრომლებისგან ითხოვს, უფრო იშვიათად დააფიქსირონ თვითმფრინავის გაუმართაობა – „პროექტი“

15 მაისი, 2023 • 1687
„აეროფლოტი“ თანამშრომლებისგან ითხოვს, უფრო იშვიათად დააფიქსირონ თვითმფრინავის გაუმართაობა – „პროექტი“

რუსულმა სახელმწიფო კომპანია „აეროფლოტმა“ გამოაქვეყნა შიდა განკარგულება, რომლის თანახმადაც უფროსმა ბორტმეგზურებმა ცნობები თვითმფრინავის ტექნიკურ თუ სხვა პრობლემებზე ბორტის ჟურნალში [Cabin Log Book] მხოლოდ ხომალდის მეთაურთან შეთანხმების შემდეგ უნდა შეიტანონ – იუწყება გამოცემა „პროექტი“.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, რედაქციას აქვს ამ დოკუმენტის ასლი, ხოლო მის ავთენტურობას კომპანიაში რამდენიმე წყარო ადასტურებს.

ერთ-ერთი უფროსი ბორტმეგზური ეუბნება „პროექტს“, რომ თუ უკრაინაში შეჭრამდე და დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებამდე ჟურნალში ყველა ხარვეზი შეჰქონდათ, ახლა მათ შესახებ შეტყობინება ზეპირი ფორმით ხდება.

„ასეთი განჩინების მთავარი მიზანია, რომ თვითმფრინავები მიწაზე არ დარჩნენ ისეთი გაუმართაობის გამო, რომელიც, დოკუმენტებით, კრძალავს ფრენას პრობლემის აღმოფხვრამდე. ომამდე ამ წესს მკაცრად იცავდნენ. ყველაზე მცირესაც კი წერდნენ და უმალ აკეთებდნენ“, – ამბობს კომპანიის ყოფილი თანამშრომელი.

წყარო ტექნიკურ სამსახურებში კი უყვება გამოცემას, რომ მსგავსი პრაქტიკაა გავრცელებული სხვა რუსულ ავიაკომპანიებშიც.

„პროექტის“ ცნობითვე, ზოგჯერ გაუმართაობები შეიძლება უსაფრთხოებასაც  ემუქრებოდეს. 2022 წელს „აეროფლოტის“ ხომალდი დუბაიდან მოსკოვში ჟანგბადის ბალონების სრული კომპლექტის გარეშე გამოფრინდა. ხომალდის კაპიტანმა კი არ შეიტანა ცნობა ჟურნალში, რათა თავიდან აერიდებინა ფრენის გადადება.

სანქციები რუსულ ავიაკომპანიებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესდათ. სანქციებით რუსეთისთვის ტექნოლოგიების თუ თვითიმფრინავების დეტალების მიწოდება იკრძალება, რის გამოც ქვეყანაში მათი დეფიციტი წარმოიქმნა – ავიაკომპანიები ნაწილებს ან მესამე ქვეყნებში ყიდულობენ, ან სხვა ხომალდებიდან იღებდნენ.

10 მაისს რუსეთმა მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოხატა საქართველოში ფრენის სურვილი. აშშ და ევროკავშირი კი აცხადებენ, რომ ახლა არაა დრო, როცა ვინმემ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი