ახალი ამბები

ბერბოკი არ პასუხობს კითხვას დეოლიგარქიზაციის შესახებ

24 მარტი, 2023 • 1173
ბერბოკი არ პასუხობს კითხვას დეოლიგარქიზაციის შესახებ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი არ პასუხობს კითხვას დეოლიგარქიზაციისა და ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ.

„ჩვენ დავასახელეთ 12 პრიორიტეტული პუნქტი. თქვენ გამოყავით ერთი საკითხი — დეოლიგარქიზაცია- და არის თუ არა ამ მხრივ რამე სპეციფიკური სიტუაცია ამ ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული. მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, რომ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, რაც არის კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება… სისუსტე არაა, სიძლიერეა, როდესაც მიიღებ კრიტიკას და შენიშვნებს. იყო კრიტიკა უცხოური აგენტების კანონპროექტზე. კარგია, რომ მოხდა მისი გაწვევა“, — განაცხადა ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მედიის თავისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია, რომელსაც ასევე ითვალისწინებს 12 პრიორიტეტი. მედიის მფლობელების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მან თქვა, რომ მედიის თავისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სამართალწარმოება და დაუშვებელია ამაში ჩარევა და ზეწოლა.

„12 საკითხი რჩება დღის წესრიგში, ჩვენ ამას ხაზი გავუსვით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. არა მხოლოდ შავი და თეთრი უნდა დავინახოთ, არამედ ყველა ფაქტი კონტექსტურად უნდა იქნას განხილული სიტყვის, პრესის თავისუფლების გადმოსახედიდან, კანონის უზენაესობის გადმოსახედიდან, ასევე, ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან, და ძალიან ღიად, გახსნილად, გამჭვირვალედ უნდა მოხდეს ყველაფერზე მსჯელობა“, — დასძინა ბერბოკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი