ახალი ამბები

„EU ლისაბონიდან ლუჰანსკამდე გაფართოვდება“ – ბერბოკი

2 ოქტომბერი, 2023 • 1365
„EU ლისაბონიდან ლუჰანსკამდე გაფართოვდება“ – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ ევროკავშირი ლისაბონიდან ლუჰანსკამდე იქნება გადაჭიმული.

„უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფლების საზოგადოებაში, რომელიც მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუჰანსკამდე. თითო სოფლით და მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითო მეტრით, სადაც თავის ხალხს იხსნის, უკრაინა აფართოებს თავის გზას ევროკავშირში“, – ციტირებს კიევში მყოფ ბერბოკს „უკრაინსკა პრავდა“.

პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი ევროკავშირის უკიდურესი დასავლეთი წერტილია. ბლოკის გაფართოებაზე საუბრისას ხშირად იყენებენ ფრაზას, რომ ევროკავშირი იქნება ლისაბონიდან აღმოსავლეთით მდებარე ახალი წევრი ქვეყნის დედაქალაქამდე/უკიდურეს აღმოსავლურ ქალაქმდე. მაგალითად – „ლისაბონიდან თბილისამდე“, როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 2022-ში თქვა. თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამჯერად თბილისი აღარ ახსენა.


2022 წლის ზაფხულის გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერპესქტივა, მაშინ როცა უკრაინა და მოლდოვა წევრობის კანდიდატები გახდნენ. საქართველოს სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი. ბრიუსელის უკანასკნელი შეფასებით, აქედან სრულად სამია შესრულებული. თუმცა ხელისუფლება რეკომენდაციების დიდწილად შესრულებაზე აცხადებს და მიიჩნევს, რომ საქართველომ სტატუსი დაიმსახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი