კომენტარი

სამოქალაქო საზოგადოების გარეშე მთავრობა ვერ გახდება EU-ის წევრი და პირიქით — ბერბოკი

24 მარტი, 2023 • 1759
სამოქალაქო საზოგადოების გარეშე მთავრობა ვერ გახდება EU-ის წევრი და პირიქით — ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და პირიქით.

როგორც ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება საამაყოა.

„მადლობა ამ მეგობრული მიღებისთვის თბილისში. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო იყო ITB-ბერლინის მასპინძელი. გერმანიაში უდიდესი ინტერესია საქართველოს მიმართ, ადამიანების მიმართ, ისტორიის მიმართ, საქართველოს საოცარი ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს მიმართ. იზრდება გერმანელების რიცხვი, ვისაც სურს საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა. რომლებისთვისაც ხინკალი და ხაჭაპური არ არის უცხო სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის, ჩემთვის. მაგრამ ეს იქნება ანეკდოტი გერმანული პრესისთვის“, — თქვა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკის თქმით, გასული კვირების განმავლობაში გერმანიაში აქტიურად აკვირდებოდნენ საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„მე ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, როცა ვუყურებდით, როგორ აფრიალებდნენ აქციის მონაწილეები ევროკავშირის დროშებს. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის შანსი და რწმენა ევროპული ღირებულებებისა და ასევე, სტიმულია. ამით შეიძლება იამაყო. საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში — ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც. საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში.

მე ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით — ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბერლინსა და ბრიუსელში, რომლებიც, როგორც თანასწორს, დაგიჭერენ მხარს. ვინაიდან მეგობრები ვართ, მნიშვნელოვანია, ეს გზა გულწრფელად გავიაროთ“, — განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზის გავლა ყოველთვის მარტივი არ არის და აუცილებელია რეფორმების გატარება.

ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ვერ შემოკლდება, მით უმეტეს, ღირებულებების ხარჯზე.

„აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა. ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით ღირებულებების მხრივ. ჩვენ გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს 12 პრიორიტეტის მიმართულებით. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება“, — განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის ხელი შორს არის გაწვდილი საქართველოსთვის, ისევე როგორც ღიაა კარი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ახლა საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება. აუცილებელია, დრო აღარ დაიკარგოს, ეს არის მომენტი ისტორიაში, როდესაც უკან არ უნდა დავიხიოთ“, —დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, არამედ „ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს“.

ამ თემაზე გირჩევთ:

კანდიდატის სტატუსი ხალხს, ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად?

მასალების გადაბეჭდვის წესი