ახალი ამბები

კულუმბეგოვი ხსნის, რატომ არის მმართველი გუნდის კანონპროექტი რუსული

3 მარტი, 2023 • 1053
კულუმბეგოვი ხსნის, რატომ არის მმართველი გუნდის კანონპროექტი რუსული

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს და ხსნის, თუ რატომ არის ის რუსული.

„ბევრი მსჯელობა არაა, მგონი, საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს, ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია.

მესმის, მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფრთხეებისგან. მეორე კანონი „იცავს“ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან. ჩვენს ქვეყანაში კანონი „დაიცავს“ ქვეყანას ასევე ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან. ლოგიკა მარტივია – კანონი მაშასადამე რუსულია“, – წერს კულუმბეგოვი.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს.

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

კანონპროექტებს მხარი პირველი მოსმენით 2 მარტს დაუჭირეს საგარეო და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტებმა. „ოცნება“ ამბობს, რომ ამგვარი კანონი აშშ-დან გადმოიღეს. აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი:ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს.

ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი