ახალი ამბები

საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონპროექტებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

2 მარტი, 2023 • 993
საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონპროექტებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ მხარი დაუჭირეს.

როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტებს პრინციპების დონეზე უჭერენ მხარს, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.

„დასკვნით ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევიტანოთ საკითხი, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობის და ანგარიშგების პრინციპს. ასევე, დასკვნაში შევიტანოთ, რომ ტერმინებს, რომელიც მოცემულია კანონპროექტში, სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია. ამ პირობით გადავცეთ ეს საკითხი წამყვან კომიტეტს. მინდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ ეს საკითხი გადაეცეს იურიდიულ კომიტეტს“, — განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, პირველი მოსმენით კანონის განხილვა ნიშნავს მხოლოდ პრინციპის დონეზე განხილვას და არა — სათაურს და ტერმინებს.

„მეორე მოსმენით განხილული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილავთ ვენეციის კომისიის დასკვნას. დღეს არ ვიღებთ გადაწყვეტილებას კანონის მხარდაჭერაზე ან მიუღებლობაზე“, — განაცხადა სამხარაძემ.

გამჭვირვალობასთან ერთად, კანონპროექტის მიღების მიზნად  სამხარაძემ დაასახელა ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების გავლენისგან დაცვა.

კომიტეტის სხდომა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, თუმცა შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე, ჯონდი ბაღათურია, თამარ ჩიბურდანიძე და „ხალხის ძალის“ აქტივისტები. ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი, რომელმაც მიმართა პარლამენტს, სხდომაზე დაშვებულია.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.

„ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნით ისე იქცევიან, რომ არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როცა ასეთი პარლამენტარები გვყავს, არამედ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს დედამიწელებს“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე, ქუჩაში აპროტესტებდნენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კი პოლიციელებმა მომიტინგეები დააკავეს.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი