კომენტარი

“გამოვხატოთ პროტესტი, თუნდაც ქუჩაში” – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან “რუსულ კანონზე”

1 მარტი, 2023 •
“გამოვხატოთ პროტესტი, თუნდაც ქუჩაში” – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან “რუსულ კანონზე”

„ეს არის რუსეთთან მიახლოებული კანონი. მარყუჟის მოჭერას ჰგავს და რას ემსახურება, ჩემთვის აბსოლუტურად ბუნდოვანია. როგორ შეიძლება, თან ოფიციალურად აცხადებდე, რომ დასავლური კურსი გვაქვს აღებული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამას ამტკიცებს, თან, მეორე მხრივ, ეს კანონი საერთოდ განიხილებოდეს?!“ – სვამს კითხვას მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელსაც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგის შესახებ ვესაუბრეთ, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

  • ქართული ოცნება აპირებს მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც არის რუსულის ანალოგი. რას ფიქრობთ ამ კანონპროექტზე?

ასე თუ ისე ვადევნებ თვალს ამ მოვლენებს და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან შემაშფოთებელია. რამდენიმე დღის წინ ადენაუერის ფონდის მიერ ჩატარებული პოლიტიკური დისკუსიის სპიკერი ვიყავი. იქ იმყოფებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპარლამენტის თანამშრომლები, რომლებმაც ძალიან დიდი შეშფოთება გამოხატეს. პირდაპირ გახმიანდა ფრაზა, რომ ეს კანონი იქნება განაცხადი იმის თაობაზე, რომ ევროკავშირისკენ აღებული ყველანაირი გეზი ჩაიჭრას.

ძალიან შემაშინებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხის პროტესტიდან გამომდინარე იქნება ეს თუ რამოდენიმე საღი აზრის, რომელიც ვიმედოვნებ, რომ პარლამენტში გახმიანდება, ეს კანონპროექტი არ გავა.

  • რა საფრთხეს ხედავთ ამ კანონის მიღების შემთხვევაში. რუსეთის გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გვემუქრება საქართველოში საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას?

ეს ყველაფერი რაღაცნაირი ექოა… გამოძახილია რუსული კანონის და ამას გვახსენებს. იქ [რუსეთში] საითკენაც წავიდა ყველა საქმე და ტენდენცია, ამასაც ვხედავთ. მე მგონი, ამაზე ვთანხმდებით, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა, რომ აქეთკენ გეზის აღება არავის სურს.

მეორე საფრთხე ისაა, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ევროკავშირისკენ აღებული გეზი დიდი საფრთხის ქვეშ დგება. პირდაპირ ითქვა – ეს იქნება უკუსვლა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დასავლეთის [ფულით], NGO-ების თუ სხვადასხვა ინსტიტუციის დაფინანსებით, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ფაქტობრივად, დამოკიდებულია ქვეყანა ამაზე.

ამასაც რომ თავი გავანებოთ, ეს არის რუსეთთან მიახლოებული კანონი. ეს მარყუჟის მოჭერას ჰგავს და რას ემსახურება, ჩემთვის აბსოლუტურად ბუნდოვანია. როგორ შეიძლება თან ოფიციალურად აცხადებდე, რომ ჩვენ დასავლური კურსი გვაქვს აღებული… ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამას ამტკიცებს, და თან, მეორე მხრივ, ეს კანონი საერთოდ განიხილებოდეს.

უარყოფითის და უკუსვლის გარდა, არაფერი კარგის მომტანი არ არის.

  • თქვენი აზრით, როგორ შეეხება რიგით ადამიანებს ეს კანონპროექტი? პირადად თქვენ როგორ შეგეხებათ და რა გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე?

მე შემიძლია კულტურის სფეროს მაგალითზე ვილაპარაკო, რომელშიც უკეთესად ვერკვევი. მაგალითად, ბოლოს სამეფო უბნის თეატრში დავდგი სპექტაკლი, რომლის დაფინანსების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა დასავლური ფონდების და არასამთავრობოების მიერ იყო გაღებული. ეს სპექტაკლი სხვანაირად ვერ შედგებოდა.

ასევე ვიცი, რომ დასავლური ფულით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა განათლების, ჯანდაცვის თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თან ამაში ჩართულია ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი.

ეს კანონი არ ეხება მარტო არასამთავრობოებს და ჟურნალისტებს. ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც რაღაც მხრივ ამ ყველაფრით სარგებლობს და ისევ საზოგადოებაზე აისახება.

ძალიან ბევრი სფეროა ამაში ჩართული. ეს არ არის მარტო არასამთავრობოების და ჟურნალისტების პრობლემა.

  • დღეს საზოგადოება ეძებს გამოსავალს, როგორ შეიძლება შევაჩეროთ ამ კანონის მიღება. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოვახდინოთ ზეგავლენა დეპუტატებზე, რომ მათ არ დაუჭირონ მხარი ამ კანონს?

აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია… პროტესტი ყველამ ისე დავაფიქსიროთ, როგორც და რაზეც მიგვიწვდება ხელი… იქნება ეს ონლაინ, რეალურ ცხოვრებაში თუ თუნდაც, რა თქმა უნდა, ქუჩაში გამოსვლით, თუ ეს საჭირო იქნება. უბრალოდ უნდა დაფიქსირდეს. რამდენადაც ვიცი, იქმნება პეტიციები, ხელმოწერები ამ კანონის წინააღმდეგ.

მინდა მქონდეს იმედი, რომ ხალხის და საზოგადოების აზრს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა და ეს გათვალისწინებული იქნება. ყველანაირ საღ აზრს და პროგრესს ეწინააღმდეგება ეს კანონი და არაფერი კარგის მომტანი არ არის.

ამ კანონში ვერანაირ სარგებელს ვერ ვხედავ, გარდა უარყოფითისა და უკუსვლისა. ის, რომ ეს უფრო გამჭვირვალეს გახდის საქართველოში შემოსულ თანხებს, ძალიან დიდი მითია და სრული სისულელე.

საქართველოში ძალიან ბევრ სექტორში ახლა, როდესაც ამდენი რუსეთის მოქალაქეა ჩამოსული, ბიზნესები რეგისტრირდება და ა.შ. ეს არ კონტროლდება.

დასავლური არასამთავრობოების და კულტურული ინსტიტუციების დაფინანსება კი ისედაც გამჭვირვალეა. ეს გამჭვირვალობა ისედაც არსებობს. სწორედ ამიტომ, ვერანაირ დადებით მხარეს ვერ ვხედავ ამაში, გარდა იმისა, რომ ნამდვილად უკან დაგვხევს.

ძალიან სამწუხარო და საგანგაშოა ეს.

მგონია, რომ ყველას, ვისაც რაზე მიგვიწვდება ხელი, რა საშუალებაც გვაქვს, რა მეთოდიც…. მე ფიზიკურად არ ვარ თბილისში, რომ ქუჩაში გამოვიდე და დავდგე, მაგრამ სადაც შეგვიძლია, იქ უნდა აღვნიშნოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, რათა ხალხმა გაიგოს, რაზეა ლაპარაკი, რა კანონპროექტია და რას მოიტანს.

ისეთი შეგრძნება და განცდა მაქვს, რომ საზოგადოება ძალიან დეზინფორმირებულია და ბევრი საკითხი არ იცის. იგივე ამ კანონპროექტზეც. მაგალითად, მეც მომიწია, რომ ჩამეხედა და წამეკითხა.

იმიტომ, რომ არ შეიძლება ყველაფერი იცოდე. რაღაცნაირად უნდა გავერკვიოთ, რა არის ეს კონკრეტული კანონი. არგუმენტად გაჟღერდა, რომ ეს არის ამერიკული მოდელის მსგავსი. სინამდვილეში სულ სხვა კონტექსტია. ის [ამერიკული კანონი] მაშინ ემსახურებოდა ანტიტერორისტულ საკითხს და ესაა მანდ გასათვალისწინებელი.

ეს კი ნამდვილად უახლოვდება რუსული კანონის მოდელს. რაც მე მგონი, არავის გვინდა.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი