ახალი ამბები

კულუმბეგოვი: შეიძლება, ყოველდღიურად კოვიდის 6-დან 20 ათასამდე შემთხვევა ცირკულირებდეს

30 აგვისტო, 2022 • 687
კულუმბეგოვი: შეიძლება, ყოველდღიურად კოვიდის 6-დან 20 ათასამდე შემთხვევა ცირკულირებდეს

დღეს, 30 აგვისტოს, მედიაცენტრ „მთავარში“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა შეაფასა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

კულუმბეგოვის თქმით, ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი მოწმობს, რომ დადებითობის მაჩვენებელი 16-17 პროცენტის ფარგლებშია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

ალერგოლოგი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში 80 000 ადამიანი იტესტება, ეს კი საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ კვლევების 90% ანტიგენ სწრაფი ტესტით ტარდება, PCR-ის წილი კი მხოლოდ 10%-ს შეადგენს. „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონაცემები განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს დამშვიდების რეკომენდაციას მაშინ აძლევს, როცა დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს არ აღემატება.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ყოველდღიურად 6-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს:

„როგორც უკვე აღვნიშნე, დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 16-დან 17 პროცენტამდე. ასევე არ უნდა დაგვავიწყეს ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შესახებ. ეს არის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აშშ-ში, რომელიც აქვეყნებს ყველა ქვეყნის მონაცემებს მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და გარკვეულწილად მომდევნო თვეების პროგნოზსაც აკეთებს.

ჩვენ თუ შევხედავთ ამ „ჰელფმეტრიკის“ ინსტიტუტის მონაცემებს, საშუალოდ, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებელი, ჩატარებული ტესტირებების რაოდენობა და ბევრი სხვა პარამეტრით, ქვეყანაში ახლა საშუალოდ არამარტო კვირის განმავლობაში, შეიძლება, ყოველდღიურად 6 ათასიდან 20 ათასამდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს“, – ამბობს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, სასურველია, ტესტირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს, რადგან, განსაკუთრებით რისკჯგუფებში, ტესტირება პირდაპირ კავშირშია პრეპარატებთან ხელმისაწვდომობასთან. კერძოდ, ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანს, რომელიც რისკჯგუფშია ან შესაბამისი ასაკი აქვს, ინფექცია ტესტით უდასტურდება, მისთვის პრევენციული მედიკამენტები ხდება ხელმისაწვდომი.

მიუხედავად ამისა, კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ პიკი გადალახულია და ამჟამად ქვეყანა გავრცელების პლატოზეა, რომელიც, სპეციალისტებით პროგნოზით, კიდევ 4-6 კვირა გაგრძელდება:

„ჩვენ დრამატული მატება ამ ეტაპისთვის შემდგომი 4-6 კვირა დიდი ალბათობით არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა, ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში 99% ვარიანტი არის BA5 ვარიანტი, ჩვენს ქვეყანაშიც დომინანტური შტამი ესაა. მიმდინარეობის მხრივ ცვალებადობა გახლავთ ის, რომ ინკუბაციის პერიოდი სხვასხვა დროს სხვადასხვა იყო. ახლა ეს არის საშუალოდ 3 დღე. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, საშუალოდ, კლინიკური სიმპტომები 3 დღის განმავლობაში უვითარდებათ“ ,- აცხადებს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, პირველი დღეების განმავლობაში კოვიდის დომინანტი შტამი სხვა რესპირატორული დაავადებებისგან სიმპტომატიკით არ განსხვავდება, ამიტომაც დროული ტესტირებისკენ მოუწოდებს განსაკუთრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს. კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ არ არსებობს სამედიცინო სექტორის გადატვირთვის მოლოდინი, თუმცა აღნიშნავს, რომ შემოდგომისთვის კლინიკების მეტად მობილიზებაა საჭირო.

„პირველი დღეების განმავლობაში მიმდინარეობით კოვიდს სხვა რესპირატორული დაავადებებისგან ვერ განვასხვავებთ, მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ა.შ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, განსაკუთრებით რისკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ რაც შეიძლება სწრაფად ტესტირება.

მოლოდინი, რომ აქ იქნება ტრაგიკული ვითარება, რაც გამოიწვევს კლინიკების გადატვირთვას, არ გვაქვს, თუმცა წინა ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონარი, ვერ განვათავსე სტაციონარში. ინფექციური კლინიკა ამბობდა, რომ ერთი ადგილია ჩვენთან მხოლოდ დარჩენილი და ისიც მამაკაცისთვის, სხვა კლინიკები აღარ დავასახელებ, ამბობდა აღარ გვაქვს არანაირი ადგილიო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით მზაობა კლინიკების სარეზერვო მობილიზაციის შემოდგომისთვის უფრო უნდა გაძლიერდეს“, – ამბობს კულუმბეგოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი