საზოგადოება

რატომ არის სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოში ევროკავშირზე დაბალი – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

12 ივნისი, 2023 • 1346
რატომ არის სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოში ევროკავშირზე დაბალი – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.  რა ფაქტორები განაპირობებს ამ სურათს და რას უნდა ველოდოთ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 73 წელია, რაც 10 წლით ნაკლებია საშუალო ევროპულ მონაცემზე. რა განაპირობებს ამას,  რა ინდიკატორები მოქმედებს ამ მონაცემებზე?

პირველ რიგში, ამაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს აქვს სუსტი ჯანდაცვის სისტემა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს ნაკლები წვდომა აქვთ ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე. 

ქართველები ნაკლებად მივსდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვიდრე ევროპელი ხალხი: ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ჯანსაღი ჩვევები: თავი დავანებოთ მოწევას, დავიწყოთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში, ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ჭარბ წონას.  რაც უფრო ჯანსაღი პოპულაცია გვეყოლება, მით უფრო აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ბუნებრივია, მოქმედებს ეკოლოგიური ფაქტორები. 

შედარებით ღარიბი ქვეყანაა საქართველო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ნაკლები ფული აქვს ჯანდაცვაზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე დასახარჯად, იგივე სრულფასოვნად საკვებად. 

ომი და კონფლიქტები. საქართველო დაზარალდა ომებით, რამაც ბევრი სიცოცხლის დაკარგვა და ცხოვრების ხარისხის გაუარესება გამოიწვია. ესეც აისახება სიცოცხლის საშუალო ასაკზე.

არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას, ესაა ის ინდიკატორები, რითაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ფასდება: 

დედათა სიკვდილიანობა; ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობა; 60 წელს ზემოთ ადამიანები პოპულაციის რამდენი პროცენტი არიან და ასევე რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჯანსაღად მთლიან პოპულაციაში.

ამ ინდიკატორებზე უნდა დაფიქრდეს  ქვეყანა და ისინი უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ. ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ სამომავლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა გავზარდოთ.

რას გულისხმობს ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია დანერგილი? 

ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა  ისეთი სისტემაა, რომელიც ზრუნვის ცენტრში ამყოფებს პაციენტის საჭიროებას. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტური და უზრუნველყოს პაციენტის ინფორმირება მათი მოვლის შესახებ.

ევროპაში ესაა ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევს, ნებისმიერ წევრ ქვეყანაში მიიღო ჯანდაცვის სერვისები.  ესაა პაციენტის უსაფრთხოების ევროპული ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. 

მთავარი მიზანი არის ადამიანზე ზრუნვა ჩვილობიდან სიბერემდე.

ევროკავშირში შესვლის შემდეგ ესტონეთსა და ლიეტუვაში  სიცოცხლის ხანგრძლივობა 4,5 წლით გაიზარდა. რა შეცვალა წევრობამ ისეთი, რამაც ასეთი ზრდა გამოიწვია?

ამ ქვეყნებში გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ასევე გაიზარდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. ევროკავშირმა ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში დიდი ინვესტიციები განახორციელა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ინიციატივებში, როგორიცაა კამპანიები მოწევის შეწყვეტაზე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე.

გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ ევროპის ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, კავშირის წევრს ნებისმიერ ქვეყანაში მიიღონ ჯანდაცვის სერვისები. ამან გამოიწვია ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა.

რაც მთავარია, ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნების გაწევრიანებამ ხელი შეუწყო ეკონომიკას, შემოსავლების ზრდას. შედეგად, ადამიანებმა მეტი რესურსი ჩადეს საკუთარ ჯანმრთელობასა და დაავადებების პრევენციაში.

ამ ქვეყნებში გაუმჯობესდა სოციალური კეთილდღეობა. ევროკავშირი მათ დაეხმარა დაბალშემოსავლიანი ოჯახების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ბავშვთა მოვლის ხელმისაწვდომობაში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამების დანერგვაში, ეს ყველაფერი მთლიანობაში აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. ევროკავშირმა ამ ქვეყნებში დააფინანსა საავადმყოფოები, ხელი შეუწყო ჯანდაცვის პროფესიონალების გადამზადებას და ა.შ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვაზე დახარჯული თანხების დიდი წილი მედიკამენტებზე მოდის. რით აიხსნება ეს?

ეს კომპლექსური თემაა და  ძირითადად შემდეგი ფაქტორების ერთობლიობაზეა დამოკიდებული, მათ შორის: ქრონიკული დაავადებების მაღალი გავრცელება ამა თუ იმ ქვეყანაში, პრევენციულ სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და პრევენციული მედიცინის განვითარება ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა ქვეყანაში მედიკამენტებზე დანახარჯები შემცირდეს. ეს საკითხი ასევე ავტომატურად ებმის სუსტ საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემას; მედიკამენტების მაღალი ფასები, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობა. საქართველოს მთავრობას ამ ეტაპზე არ აქვს ძლიერი მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან, რათა მოახდინონ სუბსიდირება, ან საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გაფართოვდეს დაფარვა/ხელმისაწვდომობა მედიკამენტების.  

ამ გარემოებების ერთობლიობა განსაზღვრავს იმას, რომ ჯანდაცვაზე დახარჯული თანხების უდიდესი ნაწილი მოდის მედიკამენტებზე.

ევროკავშირის წევრობა რა შესაძლებლობებს გახსნის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიბეზე წვდომის მიმართულებით? ასევე, როგორ აისახება მედიკამენტების ღირებულებასა და  ხარისხიან მედიკამენტებზე წვდომაზე?

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომელიც ევროკავშირის სივრცეში მათ შორის საქონლის თავისუფლად გადაადგილებას გულისხმობს. 

ევროპულ კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი სამედიცინო ტექნოლოგიები, მიღწევები, პროდუქტები გაყიდონ ევროკავშირის სივრცეში ძალიან დაბალი ტარიფებით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა. ევროკავშირი აფინანსებს მთელ რიგ პროგრამებს, მხარს უჭერს სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას, ასევე, კვლევებს განვითარება, ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადებაზე და ა.შ. 

წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების შემოსვლას, რაც უკეთეს ჯანდაცვაზე აისახება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯანდაცვის პოლიტიკა ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს საერთო ხედვები და წესები: ესაა სახელმწიფო სუბსიდიის არსებობა (განსაკუთრებით სამედიცინო ტექნოლოგიებში), ჯანმრთელობის დაზღვევა, ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები, კონკურენტუნარიანობის გაზრდა და პაციენტების, ანუ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების დახმარების პროგრამები. 

ეს ყველაფერი არის იმის გარანტია, რომ ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი.

როგორც იცით, უამრავი ადამიანი მიდის ევროპაში და დევნილად ბარდება იმისათვის, რომ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები მიიღონ. ევროკავშირის წევრობა შეამცირებს თუ არა ამ ტენდენციას?

ჯანდაცვის სექტორის გაჯანსაღება, მეტი ინვესტიცია ტექნოლოგიაში, განვითარებაში, ინფრასტრუქტურაში, ასევე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება ავტომატურად გულისხმობს ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის დანერგვას, რისი არარსებობაც ადამიანებს უბიძგებს ქვეყნიდან წავიდნენ. 

ამ მიმართვიანობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანების ევროკავშირში დევნილად ჩაბარებას, დიდწილად, წერტილი დაესმება. ყველა პრობლემა აქ შეიძლება ვერ გადაწყდეს და სხვა ქვეყანაში დასჭირდეთ უფრო კვალიფიციური დახმარება, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ ჯანდაცვის სისტემის სხვა ხარისხში აყვანით ძირითად ნაწილში ემიგრაციის ეს პრობლემა დაიძლევა.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი