„ვინც ეგ კანონი წარადგინა… მჯერა, რომ იმ ხალხის წარდგენილი კანონი არ იქნება ქვეყნისთვის კარგი“, – ასე აფასებს გადაცემა „კაცების“ წამყვანი გიორგი ჯანელიძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.
გიორგი ჯანელიძეს ვკითხეთ, მისი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს საზოგადოებაზე.
„ქართული საზოგადოება ისეთი რამეა, ვერ გამოიცნობ წინასწარ, რა მოახდენს გავლენას და როდის წავლენ თავისი კალმებით არჩევნებზე.
თვითონ სიტყვაში [აგენტი] მე პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ იმ პარტიის, ვინც ეგ კანონი წარმოადგინა, ყველა განცხადებაში და ყველა ინიციატივაში ვხედავ პრობლემას. ვხედავ, რომ მოქმედებენ სულ სხვა მიზნებით, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება. ანუ მანდ ყველა სიტყვაზე გამოკიდებას აზრი არ აქვს. რომ შეხედავ, ვინ წარადგინა კანონი, უკვე ცხადია, რომ ეს კანონი კარგ საქმეს არ აკეთებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ გიორგი ჯანელიძემ.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
მთავარი ფოტო © გირჩი ტვ