კომენტარი

“1930-იან წლებში ვბრუნდებით“ — ნიკა მაჩაიძე რუსულ კანონზე

3 მარტი, 2023 • 1100
“1930-იან წლებში ვბრუნდებით“ — ნიკა მაჩაიძე რუსულ კანონზე

„უკან, 1930-იან წლებში ვბრუნდებით“ — ასე აფასებს მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.

მაჩაიძის თქმით, მისთვის გასაგებია, რატომ უნდა საპარლამენტო უმრავლესობას რუსული კანონიდან კოპირებული საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც საქართველოს არაფერში სჭირდება. მუსიკოსის შეფასებით, კანონის მიღების შემთხვევაში მასობრივად დაირღვევა ადამიანის უფლებები:

„ერთი კითხვა მიჩნდება, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ხალხი არ არიან გავლენის აგენტები?! თავად რა გამოდიან?! ეს ნიშნავს, რომ ვბრუნდებით უკან, 1930-იან წლებში. შეიძლება არ დაგვხვრიტონ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დაირღვევა ადამიანის უფლებები, ვეღარავის ვერავინ დაიცავს იმიტომ, რომ NGO-ები აღარ იარსებებს“, — ამბობს ნიკა მაჩაიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, თავად სიტყვა აგენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში მასობრივად ასოცირდება ადამიანთან, რომელიც ქვეყნისთვის ცუდს აკეთებს და ამ გზით სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობენ:

„იმდენად ბუნდოვანი ჩანაწერია, თავად ვისაც მოუნდებათ, მიაკერებენ ამ სტატუსს. პრინციპში, 2012-ში როცა  რუსეთში აამოქმედეს ეს კანონი, იქაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების შეზღუდვით  დაიწყო, შემდეგ კი მოქალაქეებს მიაკრეს ეს იარლიყი.

ჩემთვის პირადად, გამომდინარე იქიდან, თუ ვის ანიჭებენ ამ სტატუსს რუსეთში, ერთგვარი ორდენივით ჟღერს. ამათაც იგივე მიზნები ამოძრავებთ, ავტორიტარული კონტროლის დამყარება სურთ, რომ ყველაფერი თავის ნების ქვეშ მოაქციონ და მართონ  ქვეყანა“ ,— აცხადებს ნიკა მაჩაიძე.

მისი თქმით, თუ საქართველოში მსგავს კანონს მიიღებენ, ადრე თუ გვიან დაიწყება ყველა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის აგენტად გამოცხადება და ვინც ამას არ დაემორჩილება, რუსეთის მსგავსად მათ დაპატიმრებასაც დაიწყებენ.

ამასთან, მაჩაიძე აღნიშნავს, რომ საყურადღებოა დრო, როცა აღნიშნული კანონის ინიცირება და აცხადებს, რომ ის პირდაპირაა მიმართული იმისთვის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი:

„ამ კანონპროექტს რუსეთის დაკვეთით იღებენ იმიტომ, რომ ამის მიღება მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, საქართველოს არაფერს არგებს ეს. რა გამჭვირვალობაზეა საუბარი, თავის საბანკო ანგარიშებს შეხედონ შვეიცარიაში და ბევრგან სხვაგან, რა აბსურდია“, — ამბობს ნიკა მაჩაიძე.

მუსიკოსი უმრავლესობის დეპუტატებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ეს კანონი შეიძლება მათვე მოუბრუნდეთ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა:

„შვილები რომ ჰყავთ სასწავლებლად გაშვებული დასავლეთში, ის ბავშვები საზღვარგარეთის გავლენის აგენტები არიან?! ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებს, ეს კანონი არ უნდა გაიტანოს და თუ რუსეთისთვის აკეთებენ, ესაა მათი არჩევანი. საზოგადოება ყველანაირი შესაძლებელი ხერხით უნდა დაუპირისპირდეს ამ კანონის მიღებას, იქნება ეს ხელმოწერების შეგროვება, აქციები თუ სხვა. ძალიან აპათიაშია საზოგადოება საქართველოში და აქედან რაღაცნაირად უნდა გამოვიდეს ხალხი და გააპროტესტოს”,“ — ამბობს ნიკა მაჩაიძე.

ფოტო: Movement


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი