კომენტარი

“ყველა უნდა გავერთიანდეთ, თორემ ჩვენს შვილებს მომავალი აღარ ექნებათ” — თამრიკო ჭოხონელიძე რუსულ კანონზე

3 მარტი, 2023 • 2264
“ყველა უნდა გავერთიანდეთ, თორემ ჩვენს შვილებს მომავალი აღარ ექნებათ” — თამრიკო ჭოხონელიძე რუსულ კანონზე

„ეს პირადად ჩემთვის საქართველოსა და დასავლეთს შორის აღმართული ძალიან დიდი კედელია“, — ასე აფასებს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.

ჭოხონელიძის თქმით, ამ კანონის მიღებით საქართველოს დიქტატურა ემუქრება და შიშობს, რომ ყველას, ვინც ამ ქვეყანაში დარჩება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ აზრს საჯაროდ გამოხატავს, აგენტებად გამოაცხადებენ:

„ნელ-ნელა მოხდება ჩვენი აღმოფხვრა ჩვენივე ქვეყნიდან. ეს საკითხი ძალიან მანერვიულებს. ერთია, რომ ინიციირებული იქნა ეს კანონი, მაგრამ მე ვიტყოდი, თუ ვინმე ამას მხარს დაუჭერს, ის პირველ რიგში ხელს აწერს რუსულ დიქტატურაზე.

შეგრძნება მაქვს, რომ მათ ეშინიათ თავისუფლების, თავისუფალი ნებისა და კრიტიკული აზრის. ამიტომ შემოაქვთ ეს ყველაფერი, რომ ევროპას პირდაპირ უთხრან: არავინ იოცნებოს, რომ საქართველო როდისმე ევროპას დაუბრუნდება. მიგვანიშნებენ, ხმა არ ამოიღოთ, თორემ მოგსპობთო“, — ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მომღერალი აღნიშნავს, რომ მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მსგავს პროცესს ვინმემ გამართლება მოუძებნოს, მიუხედავად პოლიტიკური თუ პარტიული შეხედულებებისა:

„აქ ყველა უნდა გავერთიანდეთ, თორემ ჩვენს შვილებს მომავალი აღარ ექნებათ. ბევრმა მათგანმა გახიზნა საკუთარი შვილი და ოჯახებითაც სიამოვნებით წავიდოდნენ ევროპაში, რატომ რუსეთში არ მიდიან?! რას უპირებენ თავიანთ მომავალს?! ყველა ხომ ვერ წავა?! მათმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ აქ?!“ — ამბობს ჭოხონელიძე.

თამრიკო ჭოხონელიძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის სულისკვეთება 30-იანი წლების რეპრესიებს ახსენებს და აცხადებს, რომ დღეს საქართველოში იდენტური მოვლენები ვითარდება და ისევ ქართველების ხელით. ჭოხონელიძის თქმით, ეს კანონი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე, არამედ ყველაზე გავრცელდება, როგორც ეს რუსეთში მოხდა:

„აბსოლუტურად ყველას პრობლემა იქნება, დაწყებული ფერმერიდან, დამთავრებული ყველა იმ ადამიანით, ვინც ოდნავ განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს. დასმენები დაიწყება…

ეს არის ტოტალურად შიშის დანერგვის ტენდენცია. ხალხი თუ არ დადგა ერთად და ერთმანეთს არ შემოუძახა რომ წინააღმდეგობის გაწევაა საჭირო ამ უგუნურებისთვის, ქვეყანა დაიღუპება“, — ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

მომღერალი მოუწოდეს უმრავლესობის დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს, ხოლო თუ ამას მაინც გააკეთებენ, საკუთარი მომავლის და ქვეყნის წინაშე მავნებლურ ისტორიას ჩაწერენ.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი