კომენტარი

ამირან გამყრელიძე იხსენებს, როგორ დაეხმარნენ 90-იან წლებში დასავლური ფონდები ქართულ ჯანდაცვას ფეხზე დადგომაში

1 მარტი, 2023 • 1472
ამირან გამყრელიძე იხსენებს, როგორ დაეხმარნენ 90-იან წლებში დასავლური ფონდები ქართულ ჯანდაცვას ფეხზე დადგომაში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც წლების განმავლობაში საქმიანობდა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის იყო ჯანდაცვის მინისტრიც, იმ უცხოური დახმარებების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან აქვს მიღებული.

„ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამირან გამყრელიძე იხსენებს, რომ ჯანდაცვის სფეროში პირველი დახმარებები უცხოეთიდან საქართველომ 1992 წელს მიიღო და პროცესი მას შემდეგ უწყვეტად გრძელდება.

გამყრელიძის თქმით 1990-იანი წლებიდან მოყოლებული კოვიდპანდემიამდე პერიოდში მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით დასავლური ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარება 700 მილიონ აშშ დოლარს აღწევს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემების ჩამოყალიბებაში, ასევე ხელმისაწვდომი გახადა ისეთი პროგრამების ამოქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია გადარჩენილ სიცოცხლეებთან.

მათ შორის გამყრელიძე გამოყოფს ბავშვთა იმუნიზაციის ჯაჭვის გამართვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმართულებით გამოყოფილ დახმარებებს.

ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ 1993-1994 წლებში ქვეყანაში ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამა მთლიანად ჩამოშლილი იყო და რომ არა USAID-ის და სხვა საერთაშორისო ფონდების დახმარება, 1996 წლისთვის ქვეყანა ვერ შეძლებდა ამ პროგრამის აღდგენას:

„ჩვენთან 1993—94 წლებში მთლიანად ჩამოშლილი იყო ბავშვების იმუნიზაციის პროგრამა და რომ არ ყოფილიყო მაშინ USAID-ის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და იაპონიის საერთაშორისო განვითარების ფონდის დახმარება, 1996 წლისთვის ამ პროგრამის აღდგენას ვერ შევძლებდით. ეს ჯაჭვი რომ მორღვეული იყო, ამიტომ ჩვენ 1994-1995 წლებში გვქონდა დიფთერიის ძალიან დიდი აფეთქება ქვეყანაში, რადგან ბავშვები ვერ იცრებოდნენ.

პროგრამაში ჩავარდნამ ასევე იჩინა თავი ამავე წლებში წითელას დიდ ეპიდაფეთქებებშიც. ეს სულ მარტივი მაგალითებია, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამერიკული დახმარებების, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამერიკული უნივერსიტეტების და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა კოვიდ პანდემიასთან გამკლავება და ასეთი საჩვენებელი ქვეყანაც არ ვიქნებოდით ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში“, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მეცნიერების საბიუჯეტო დაფინანსება ძალიან მწირია და რომ არა საერთაშორისო მხარდაჭერა, ქვეყანაში ეს სფერო ვერ განვითარდებოდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერა 1992 წლიდან მუდმივ რეჟიმში გრძელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დიდი დონორების მხარდაჭერა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოები, სკანდინავიური ქვეყნების დახმარებები და სხვა :

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს დახმარებებში გაეროს სააგენტოებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, გაეროს განვითარების პროგრამას, მოსახლეობის ფონდს და ბევრ სხვას. პანდემიამდე ერთიანი დახმარება ჯანდაცვის სფეროში ამ წლების განმავლობაში 700 მილიონ აშშ დოლარს აღწევდა სადაც ძალიან დიდი იყო აშშ-ის საფრთხის აცილების სააგენტო, რომლითაც აშენდა ლაბორატორიები და შეიქმნა ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა.

ამასთან, დიდი რაოდენობით ჩვენი სპეციალისტი გადამზადდა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა როგორც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, ისე ქვეყნის კოვიდსაწინააღმდეგო პასუხში“ ,— აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვან დახმარებას იღებს გლობალური ფონდისგანაც, რომელიც აფინანსებს ქვეყანაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიმართულებით მოქმედ პროგრამებს. ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გლობალური ფონდი აქტიურად იყო ჩართული და ეხმარებოდა ქვეყანას კოვიდ პანდემიასთან გამკლავებაშიც:

„ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას და გაეროს ორგანიზაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური დონორია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდა, ქვეყანას ჯერჯერობით ეს დახმარებები სჭირდება. ჯანდაცვის სფეროს როგორც ტექნიკური ისე ფინანსური დახმარება სჭირდება და კიდევ დასჭირდება“, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის დეტალურ განხილვაში ვერ შევა, თუმცა პრინციპის დონეზე მიიჩნევს, რომ ახლა მსგავსი დისკუსიების წამოწყების დრო არაა, მით უფრო იმ ფონზე, როცა ქვეყანას გაცხადებული აქვს ევროატლანტიკური ორიენტაციის შესახებ და ეს კონსტიტუციურადაცაა გამყარებული:

„მე არ მიმაჩნია, მიზანშეწონილად ამ ტიპის გადასადგმელ ნაბიჯებზე ქვეყანაში დისკუსიები მიმდინარეობდეს, როდესაც ბევრი უფრო მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი. რაც მოდის ქვეყანაში დიდი ქვეყნებისგან თუ დონორი ორგანიზაციებისგან, ეს ორმხრივი სარგებელია, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, სექტორის მდგრადობას, მეორე მხრივ კი, ჩვენს ინტეგრირებას იმ მთავარ მიზანთან, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ნიშნავს ჩვენს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში.  პირიქით, ჩვენ მეტი ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენს მთავარ საორიენტაციო ქვეყნებთან, რომელიც გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი“, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. იგივე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი