ახალი ამბები

იმედი მაქვს, 34-ვე იდეით იბრძოდა — კობახიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

8 დეკემბერი, 2022 • 1156
იმედი მაქვს, 34-ვე იდეით იბრძოდა — კობახიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

“ეს ადამიანები არიან თუ არა გმირები?” — ჰკითხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ჟურნალისტმა იმ ქართველებზე, რომლებიც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან. ირაკლი კობახიძის პასუხებიდან გამომდინარე, მას კითხვა სხვადასხვა ფორმით რამდენჯერმე შეუბრუნეს.

“მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ: რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასულნი უკრაინაში, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ენთუზიაზმს; ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. ეს ერთი.

ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ არის რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები და ეს არ არის ასე ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინც ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის, რა თქმა უნდა, იმსახურებს პატივისცემას”, — დასძინა მან თავდაპირველი კითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე — “დაღუპული ადამიანები გმირები არიან თუ არა?” — კობახიძემ კვლავ ახსენა “ენთუზიაზმი”:

“ეს რა კითხვაა… მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც გითხარით… თუ ადამიანი ენთუზიაზმით, იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია”.

შემდგომ, კობახიძისა და ჟურნალისტის საუბარი ასე წარიმართა:

— ენთუზიაზმის და იდეის გარეშე ვინ მიდის ბატონი ირაკლი იქ საბრძოლველად?

— მაგალითად, ფულის სანაცვლოს შეიძლება ვიღაც მიდიოდეს…

— ეს ადამიანები არ არიან გმირები?

— მე იმედი მაქვს და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ  34-ვე იდეით იბრძოდა.

ამ რიცხვში კობახიძე გულისხმობს ქართველებს, რომლებიც უკრაინაში 2022 წელს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპნენ.

მანამდე, 5 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბახმუტთან 3 დეკემბერს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრემიერმა ეს საზოგადოების კრიტიკის შემდეგ გააკეთა, თუმცა იმავდროულად დასძინა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები „ომის პარტიას” მიჰყავს.

მოგვიანებით, 7 დეკემბერს ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა. მისი თქმით, რომ არ უგულისხმია, თითქოს ყველა, ვინც უკრაინაში იბრძვის, „ომის პარტიის“ ორგანიზებითაა ქვეყნიდან საბრძოლველად გაყვანილი.

ამავე პერიოდში, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ომის პარტიის“ წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ უკრაინაში რუსეთთან ომში.

მასალების გადაბეჭდვის წესი